ოპოზიციას და NGO-ებს აუდიტით ემუქრებიან - ჩიხლაძე "ოცნების" მიერ შეკვეთილ მორიგ აურზაურზე საუბრობს
ოპოზიციას და NGO-ებს აუდიტით ემუქრებიან - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე "ოცნების" მიერ შეკვეთილ მორიგ აურზაურზე საუბრობს და ამბობს, რომ არასამთავრობომ, რომელმაც აუდიტში არასამთავრობოების და ოპოზიციის წინააღმდეგ განაცხადი შეიტანა, ხელისუფლების მიერაა მართული.
"ვერ მოინელეს ეს არასამთავრობოების თემა, ვერ მოინელეს რუსული კანონის უკან წაღება და ახლა რაღაცა მართული ე.წ. ჯიბის ენჯეოებით ცდილობენ, რომ ვითომ რაღაცა დისონანსი შემოიტანონ. აუდიტის სამსახურს აქვს ეს ბერკეტი. ის ყოველთვიურად, ყოველწლიურად დებს თავის დასკვნებს და შეუძლია ყველამ ნახოს ეს. ეს არის მორიგი აურზაური და ქარიშხალი ჭიქაში როგორც ამბობენ, ქართული ოცნების მიერ შეკვეთილი", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
აუდიტის სამსახურში განაცხადი უკვე შეტანილია. ბრძოლის ახალი ტალღა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ - აუდიტის სამსახურმა, შესაძლოა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ანგარიშების შემოწმება დაიწყოს. სამიზნე "ნაციონალური მოძრაობა", "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური ჯგუფია.
"რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი" მთავარ აუდიტორს მათი ფინანსების და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირის შესწავლას სთხოვს. თუმცა, ორგანიზაციას ამ მოთხოვნაში არცერთხელ უხსენებია მმართველი პარტია და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები.