ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს - ქადაგიშვილი

21.08.23 16:29
ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს - ქადაგიშვილი

"ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს," - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის ელჩის განცხადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ქადაგიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ელჩის მოწოდება ამომრჩევლის მიმართ და ასევე ის, რომ კელი დეგნანმა არ გამორიცხა, რომ არჩევნები შესაძლოა ხარვეზებით ჩატარდეს.

ქადაგიშვილი კელი დეგნანს პოლიტიკური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ელჩმა არჩევნების რევოლუციური სცენარით განვითარება დააანონსა.

ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება თავიდან ბოლომდე პოლიტიკითაა გაჟღენთილი. მოწოდებაა, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკური პარტია აკეთებს ხოლმე - „გამოდით არჩევნებზე, დაიცავით თქვენი ხმა!“ ანუ ვიღაც ვიღაცას ართმევს ხმას და წელიწადნახევრით ადრე მოუწოდებს, დაიცავით თქვენი ხმაო. ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს.

გვეუბნებიან, რომ არჩევნები ყალბდება არჩევნებამდეც, მაგრამ ფაქტები ვერ მოჰყავთ. 2020 წელს ვუყურეთ, როგორ ხდებოდა ცალყბად არჩევნების აღიარება და მეორე მხრივ, კრიზისის ხელის შეწყობა, მაგრამ ვერც ერთი დოკუმენტი, ჩვენება ვერ იქნა მოტანილი, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა, როცა მართლაც რევოლუციური საარჩევნო კოდექსი მივიღეთ, რაზეც ყველა მიუთითებდა. ხომ გვახსოვს - ყველა მიუთითებდა, რომ თუ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემა იქნებოდა, მაშინ არჩევნების გაყალბების და შედეგის მყისიერი გამოცხადების პრობლემა არ იქნებოდა. ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. გააკეთა განცხადება ელჩმა, მერე ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაყოლა, ახლა სხვები მოაყოლებენ და დაიწყება ხალხში იმ აზრის მუსირება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყალბებულია. „ბანკსაც კი ქურდავენ“ ამ დონის თეორიაზე დაჰყავთ უკვე საქმე, რომ საზოგადოებაში დღესვე დაიწყონ მზადება და წაგებული არჩევნები რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები