ურბანული გენოციდი - ნადირაძე სასამართლოში დავას აანონსებს
"ქართული ოცნება" ახლობელი ბიზნესმენების დასაჩუქრებას იწყებს. საზაფხულო არდადეგებისას, საკრებულოში ჩანიშნული სხდომები ოპოზიციას უჩენს განცდას, რომ კახი კალაძე თბილისელების ინტერესების წინააღმდეგ მიდის და მწვანე შუქს უნთებს მშენებლობებს, რომელიც ქალაქის ისედაც დამახინჯებულ იერსახე კიდევ უფრო დაამძიმებს. ყველა პროექტი, რომელიც პარასკევს საკრებულოში გადის, "ოცნების" მაღალჩინოსნებს ან მათ ნაცნობ ბიზნესმენებს უკავშირდება.
"ენმ"-ს წევრ ირაკლი ნადირაძის თქმით, საკრებულო არ იქნება ის ბოლო წერტილი, სადაც წინააღმდეგობა იქნება. ოპოზიციონერი ამბობს იმასაც, რომ საკითხები სასამართლოშიც გადაინაცვლებს.
ამ სხდომაზე გამოდის ისეთი მძიმე საკითხები, როგორიც არის ლაგუნა ვერეზე ბიძინა ივანიშვილს მშენებლობა, სადაც ის ბეტონის ცათამბჯენებს აპირებს, რომ ააშენოს და ასევე ნინო წილოსანის პროექტი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც 33 სართულიანი კორპუსები უნდა დადგეს ქალაქში. ეს კონკრეტული პროექტები ურბანული თვალსაზრისით იქნება თბილისისთვის კატასტროფა. საკრებულო არ იქნება ის ბოლო წერტილი, სადაც იქნება წინააღმდეგობა, აუცილებლად ამ საკითხების განხილვა გადაინაცვლებს სასამართლოში და ქალაქში ეს პროექტები არ უნდა განხორციელდეს", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულო დაჩქარებულ ვადებში იწყებს ყველა იმ პროექტის განხილვას, რომელიც სადავოა და ოპოზიციას კითხვები გააჩნია. კახა კალაძემ საკრებულოში სადავო პროექტები დასამტკიცებლად უკვე გადააგზავნა. საკრებულოს სხდომა 25 აგვისტოს გაიმართება.
ლაგუნა, ნინო წილოსანის ოჯახის ცათამბჯენები და ირაკლი ღარიბაშვილის ნათლულის მამის კომპელქსები. ოპოზიციამ აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ყველა სადაო პროექტი, რომელიც თბილისისთვის ურბანული გენოციდიის ტოლფასია, უკვე საკრებულოში გადის.