ელჩის განცხადებამ გარკვეული ინტერპრეტაციებიც გამოიწვია - ცესკოს პასუხი ამერიკის ელჩს
ცესკოს პასუხი კელი დეგნანს - გიორგი კალანდარიშვილი ამტკიცებს, რომ ამერიკელი დიპლომატის განცხადება პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოაჩინეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში რაიმე მანიპულაცია იქნება.
კალანდარიშვილი ამბობს, რომ ელექტრონულად ხმის მიცემა ამომრჩეველს არ გაუჭირდება, რადგან საინფორმაციო კამპანია ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა.
ქალბატონო ელჩის განცხადებამ გარკვეული ინტერპრეტაციებიც გამოიწვია და მინდა მივმართო ყველა ჩართულ მხარეს, რომ ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში, რომ ეს მნიშვნელოვნად ისტორიული პროცესი არ იყოს დაზიანებული.
დაახლოებით, 15 ათასი მსურველი გადამზადდა საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სიღრმისეულად, რომელიც თავის მხრივ, ქმნის პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორების მნიშვნელოვან ბაზას.
ეს გამოცდილება და შემდგომი ყველა ნაბიჯი არის გარანტია, რომ არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ჩატარდება.
არსებობს მთელი რიგი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჰიპოთეტურად ასეთი ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ეს იყოს გადაზღვეული, როგორიც არის ხელით გადათვლები. შვიდმა პილოტმა გვიჩვენა, რომ შედეგები, რომელიც აპარატით ითვლება და შემდგომ ხელით გადათვლები, ფაქტობრივად, ერთი ერთში მიყვება ერთმანეთს და არ გვაქვს ცდომილება და ისეთი ცდომილება, რომელსაც შეუძლია რაიმე ტიპის გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ შედეგებთან მიმართებაში.
მივმართავ ჩართულ მხარეებს, ნუ გამოიყენებენ ამ საკითხს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის,“ - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.
ამერიკის ელჩმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ გარკვეული ხარვეზებით შეიძლება წარიმართოს საარჩევნო პროცესი. კელი დეგნანის თქმით, მაშინ, როდესაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება, მნიშვნელოვანია, როგორც ამომრჩევლის, ასევე საარჩევნო უბნებზე მყოფი პერსონალის ინფორმირება.