ვადაგასული შოკოლადები სავაჭრო ქსელებში - საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

22.08.23 10:35
ვადაგასული შოკოლადები სავაჭრო ქსელებში - საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

აღმოჩენილია სიცოცხლისთვის საშიში შოკოლადი - ვადაგასულ პროდუქციას გამომძიებლებმა მაღაზიებში მიაგნეს. სავაჭრო ობიექტების დახლებზე უვარგისი ტკბილეული, ძველ თარიღებზე გადაკრული ახალი სტიკერებით ხვდებოდა.

დანაშაულებრივი სქემის უკან კი ორი ადამიანი იდგა. ორივე მათგანი გამომძიებლებმა პასუხისგებაში მისცეს.

დანაშაულში მხილებული პირებს უცხოეთიდან შოკოლადი სატვირთო მანქანებით შემოჰქონდათ და დეკლარაციასაც აყალბებდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯამში, ამოიღო ქვეყანაში ჩუმად შემოტანილი 85 ათასი ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულ იქნა ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრო ორგანიზმებს.

გარდა ზემოხსენებულისა, დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 214-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით 8-დან 11 წლამდე ვადით”, - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები