უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო EG.5 ქვეშტამის და კორონავირუსის მიმართ - ამირან გამყრელიძე
"უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო EG.5 ქვეშტამის და კორონავირუსის მიმართ. პანდემია დასრულებულია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდება კოვიდთან დაკავშირებით," - ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა.
გამყრელიძის რეკომენდაციაა, რომ სტატისტიკა გამოქვეყნდეს კვირაში ან თვეში ერთხელ. ამას გარდა, გამყრელიძე მოქალაქეებს ურჩევს, რომ შემოდგომაზე 1 „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ, რათა რესპირაციული ვირუსების აქტიურობის დროს მეტად დაცულები იყვნენ.
ბოლო რამდენიმე თვეა, რაც კორონავირუსის ახალი ქვევარიანტი EG.5 გამოჩნდა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განამარტავენ, დაახლოებით, 50 ქვეყანაშია ის გავრცელებული. ზოგადად, კოვიდის გავრცელება და ყოველდღიური შემთხვევები გასულ 1-2 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კორონავირუსი გადაიქცა რიგით რესპირაციულ ვირუსად, მაგრამ, ის გრიპსა და სხვა რესპირაციულ ვირუსზე მძიმეა. უფრო მეტი ყურადღება არის საჭირო EG.5 შტამის და კორონავირუსის მიმართ. რაც ლიტერატურიდან არის ცნობილი, კლინიკურად არ განსხვავდება „ომიკრონის“ სხვა შტამებისგან. მისი გარჩევა შესაძლებელია მხოლოდ გენომის სეკვენირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს ამ საკითხზე. იცით, რომ ჩვენთან, საქართველოში, გენომის სეკვენირება შესაძლებელია, ე.წ. გენომიკური ზედამხედველობა მაღალ დონეზეა.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ პანდემია დასრულდა და ის, დიდი ალბათობით, არ განმეორდება, მაგრამ კორონავირუსი არსად გამქრალა და იცვლის გენეტიკურ შემადგენლობას. როგორც მე, ასევე სამედიცინო წრეებში ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით, ის იქნება უფრო და უფრო სუსტი, მისი აგრესიულობა შემცირდება, მაგრამ საყურადღებო დარჩება, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე მოსახლეობაში, ეს არის 60 წელს ზემოთ მოქალაქე, ასევე, ქრონიკული დაავადების მქონე პირი. სასურველია, მოსახლეობას პერიოდულად მიეწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, შემოდგომაზე, როდესაც აცივდება, რესპირაციული ვირუსების სეზონი დადგება, რასაც დაემატება კორონავირუსის სხვადასხვა მუტირებული შტამი. გლობალურად, ძალიან დიდი მუშაობა მიდის ლაბორატორიებსა და სამეცნიერო ცენტრებში ახალი ვაქცინების და წამლების შესაქმნელად. ასევე, მუშაობენ წამყვანი რესპირაციული ვირუსებისთვის ერთიანი ვაქცინის შექმნაზე, იგივე გრიპის და კოვიდის ვაქცინა. საუბარია, რომ შეიქმნას ვაქცინა, რომელიც კოვიდის რამდენიმე შტამზე იმუშავებს და უნივერსალური გადაფარვა ექნება. რეკომენდაციაა, რომ დიახ, პანდემია დასრულებულია, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. სხვადასხვა პერიოდში ახალი მუტირებული შტამი ჩნდება, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა კორონავირუსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ ვიცი რატომ არ ქვეყნდება სტატისტიკა, უნდა ქვეყნდებოდეს კვირაში ან თვეში ერთხელ სტატისტიკა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ასევე უნდა იყოს სამედიცინო ქსელისთვის შეხსენება, რომ კორონავირუსი არ გაქრა, შესაბამისი მზადყოფნა არის საჭირო“, - აღნიშნა გამყრელიძემ.