"თანხების გაფლანგვა", "კორუფციის რისკი იზრდება" - ოპოზიცია მთავრობის PR-ში 190 ათასი ლარის გამოყოფას აკრიტიკებს

22.08.23 11:25
"თანხების გაფლანგვა", "კორუფციის რისკი იზრდება" - ოპოზიცია მთავრობის PR-ში 190 ათასი ლარის გამოყოფას აკრიტიკებს

190 ათასი ლარი მთავრობის PR-ში - ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის გადაწყვეტილებაში კორუფციულ ნიშნებს ხედავენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ სარეკლამო ვიდეორგოლებს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ დააჯეროს მთავრობამ ხალხი, თითქოს მათზე ზრუნავენ. ნადირაძის თქმით, შეღებილი ფასადები რამდენიმე თვეში ხელახლა გასაკეთებელი იქნება, რადგან თვითონ ეს შენობები, რომლის გარე კედლებიც შეღებეს, ხშირ შემთხვევაში, ავარიულია.

ამ ყველაფრის PR-ში ხარჯავენ მილიონობით ლარს მხოლოდ იმიტომ, რომ ქულები დაიწერონ თავისი ჭკუით. ამ შემთხვევაში 190 ათასის გადახდა მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგოს ხალხმა რომ თურმე ღარიბაშვილმა რამდენიმე კორპუსის ფასადი შეღება, ეს არის უბრალოდ თანხების გაფლანგვა და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საქმეს აღძრავდნენ. ბევრი შენობა მათ შორის, არის ავარიული, სარემონტო და შეიძლება რამდენიმე თვეში თავიდან გახდეს სარემონტო, უბრალოდ ფასადები ღებო იმიტომ, რომ ვიღაცას თავი მოაწონო და მოატყუო, ეს არის ხალხის მოტყუება, თვალში ნაცრის შეყრა და სხვა არაფერი,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, კორუფციის ნიშნებს აჩენს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ უტენდერო შესყიდვა, რადგან ამ პროექტს გადაუდებელი მიზანი ნამდვილად არ ჰქონია.

შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული წესით მაშინ, როდესაც მუნიციპალური განვითარების ფონდს შესყიდვა განეხორციელებინა ტენდერის სახით, ეს იქნებოდა იანვარი, თებერვალი მარტი, რომ დაეკონტრაქტებინა წინასწარ. ეს არ იყო ისეთი შესყიდვა, რომლის გათვლაც შეუძლებელი იყო. ხოლო გამარტივებული შესყიდვა „ქართული ოცნების“ ხელში, კორუფციის რისკს ზრდის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი მაგალითი იმის, რომ გამარტივებულ შესყიდვას გარკვეული ჩინოვნიკები იყენებენ მათი პირადი გამდიდრებისთვის ან ისეთ კომპანიას გაუფორმებენ ხელშეკრულებას, რომელიც ფულს მიიტანს ქართულ ოცნებაში,“ - განაცხადა ბესიკ დონაძემ. 

190 ათასი ლარი მთავრობის PR-ში - როგორ შეღებეს რეგიონებში შენობების ფასადები ამის საჩვენებლად მთავრობა კლიპის გადაღებას გეგმავს.

ვიდეო რგოლში ბიუჯეტიდან 190 ათასი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების ფონდი დამატებით ხარჯებს გაიღებს ამავე რეკლამების სატელევიზიო ეთერებში განთავსებისთვის. 

მსგავსი სიახლეები