ტრაგედია შოვში - რომელი მაღალჩინოსნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა ენმ-ს შუალედურ ანგარიშში
შოვის ტრაგედიაში ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა იკვეთება - ამ დასკვნამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ. ოპოზიციურმა პარტიამ შოვის ტრაგედიიდან 20 დღის თავზე საკუთარი მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, პრემიერის პასუხისმგებლობის გარდა, ინფრასტრუქტურის და თავდაცვის მინისტრების სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება. დასკვნის თანახმად, შოვში რეაგირება იყო დაგვიანებული და არაეფექტური.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ სამი საათის დაგვიანებით დაიწყო სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობა, რამაც მსხვერპლის რაოდენობა გაზარდა. პარტიაში ეყრდნობიან საჯარო ინფორმაციას, დანარჩენის გამოძიებას კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ანდობენ.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ სახეზეა დაგვიანებული რეაგირება, რა დროსაც სახელმწიფომ მოქალაქეები ღამის განმავლობაში მიატოვა.
იკვეთება დაგვიანებული რეაგირება, იკვეთება, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, პრემიერმინისტრი დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, მეტიც, 24 საათის დაგვიანებით ჩადის, ფაქტობრივად, ადგილზე. თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დააგვიანა რეაგირება, დააგვიანა ჯარის ჩაყვანა. ინფრასტრუქტურის მინისტრი იმ საღამოს, როცა ადამიანებს სჭირდებოდათ შველა, გვეპრანჭებოდა სხვადასხვა ოთახიდან და იმის ნაცვლად, რომ სამაშველო გადარჩენითი ოპერაცია ეწარმოებინათ, ფაქტობრივად, ღამის განმავლობაში მიატოვეს მოქალაქეები.
ამ 24-გვერდიან ანგარიშშიც კი, რომელიც არის შუალედური და ცხადია, ენმ ბოლომდე მიიყვანს ამ საგამოძიებო მოქმედებებს, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ჩავარდნაზე ლაშა ფარულავა სრულ პასუხისმგებლობას ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს. როგორც ლაშა ფარულავა ამბობს, შოვის სტიქიაზე ყველა მტკიცებულების გამოკვლევა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა მოხდეს.
სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა ჩავარდა და ამაზე პასუხისმგებელია უფლებამოსილების ნაწილში პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა 4 აგვისტოს. კრიტიკული მნიშვნელობის საათებში მოქალაქეები ხელისუფლებამ სტიქიის პირისპირ დატოვა, ცხადია, ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება და ამას სჭირდება მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საგამოძიებო მექანიზმის ამუშავება, რომ ყველა ფაქტი და მტკიცებულება ბოლომდე იყოს გამოკვლეული,“ - ამბობს ლაშა ფარულავა.