კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ - იონათამიშვილი
"კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
რატი იონათამიშვილი როგორ ჩანს, უკმაყოფილოა ამერიკის ელჩის განცხადებით, რომელმაც არ გამორიცხა, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ხარვეზებით ჩატარდეს, რადგან ეს იქნება ქვეყნისთვის პირველი ელექტრონული არჩევნები. ამას გარდა, დეგნანმა თქვა, რომ საქართველოში სხვადასხვა ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, ამომრჩეველზე ზეწოლა მოეხდინა, ხმები ეყიდა და ეს ხდებოდა საარჩევნო ყუთთან მისვლამდე პერიოდში.
მე პირადად ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ელჩს ვიცნობდი, მათ შორის, ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. მის [კელი დეგნანის] მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ.
ელექტრონულ არჩევნებს სანდოობის და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია აქვს, ასრულებს ყოველგვარ მანიპულაციას ცდომილებას, „კარუსელთან“, დისბალანსთან დაკავშირებით. ელექტრონული არჩევნები უკვე საჭიროებას აღარ ტოვებს იმისა, რომ ეგზიტპოლები ჩატარდეს, იყოს პარალელური დათვლა, ვინაიდან ძალიან სწრაფად ობიექტურ შედეგებს აქვეყნებს. პლუს, ხდება მისი გადათვლა და დადარება შესაბამისი კომისიების მიერ.
ასე რომ, სპეკულაციებისთვის სივრცე არ რჩება და ნებისმიერი, ვინც საზოგადოებაში ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს, ერთი მაგალითი, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მანიპულაციები შექმნა ელექტრონულმა არჩევნებმა და სად რა პრობლემა იყო. არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში ისე, რომ მიზანმიმართულად ხდება ამის ტირაჟირება მათგან, ვისაც არ აწყობს, რომ ობიექტური სურათი ნახოს საზოგადოებამ,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.