ენმ ცდილობს ძლიერი პრემიერის და ძლიერი მთავრობის წინააღმდეგ კითხვები გააჩინოს - მიქანაძე შუალედურ დასკვნაზე
დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პრემიერ ღარიბაშვილს, თავდაცვის მნინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს - შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" შუალედურ დასკვნას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან.
"ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე ოპოზიციას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი შოვში სტიქიის ზონაში არ ჩასულან და დასკვნა ასე წარუდგინეს საზოგადოებას. გარდა ამისა, მიქანაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია "ძლიერი პრემიერის და ძლიერი მთავრობის" დისკრედიტაციას ცდილობს.
ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ ყველა შესაძლებელი სიტუაცია, მათ შორის, ასეთი უდიდესი ტრაგედიაც კი გამოიყენოს იმისთვის, რომ ძლიერი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ, ძლიერი მთავრობის და ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებაში გარკვეული სიბრაზე შეიტანოს და გარკვეული კითხვები გააჩინოს.
არცერთი ენმ-ს წარმომადგენელი იქ ადგილზე არ ჩასულა, არ გასცნობია კონკრეტულ ფაქტებს, არ უნახავს თავისი თვალით ის ტრაგედია და მისი შედეგები, რაც იქ მოხდა და ამის ფონზე, დისტანციურად გაკეთებული გარკვეული დასკვნები კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ რეალურ მიზნებს და ზრახვებს,“ - ამბობს გივი მიქანაძე.