რატომ არ დაესწრო საქართველოს წარმომადგენელი ათენში, EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას - "ოცნების" განმარტება
რატომ არ დაესწრო საქართველოს წარმომადგენელი ათენში, EU-ს გაფართოების საკითხზე გამართულ არაფორმალურ შეხვედრას, რომელსაც უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ესწრებოდნენ - "ქართულ ოცნებაში" დღეს თავს იმართლებენ.
მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ საქართველო ერთადერთი მიზეზით არ ესწრებოდა შეხვედრას, რადგან ათენში ჩატარებული ფორუმი ევროკავშირთან ბალკანეთის ქვეყნების დაახლოებას ეხებოდა.
მმართველ პარტია ცდილობს ასევე განმარტებას, რატომ იყვნენ შეხვედრაზე უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები - "ოცნებაში" არაფორმალურ შეხვედრში ამ ორი ქვეყნის მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომით ხსნიან.
ეს იყო ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ფორუმი, ბალკანეთის ქვეყნების მიმართებაში ევროკავშირთან გაფართოების კუთხით, აქ არ ყოფილა აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. თუმცა, როგორც იცით, უკრაინა არის განსაკუთრებული თემა და მოლდოვა უკრაინასთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია ლტოლვილთა ნაკადი მოლდოვის რესპუბლიკაში. ამიტომ, ეს ფაქტორი, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს. ეს არის ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული სამიტი, სადაც სწორედ იმ სპეციფიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც უკრაინა რუსული აგრესიის შედეგად განიცდის და იმის თანმდევი შედეგები, რასაც მოლდოვა განიცდის ლტოლვილებიდან გამომდინარე, სწორედ ეს იყო მიზეზი მათი აქ მონაწილეობის,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.