სტიქიის ზონებში, დიახ, ე.წ. ვალინკებით ჩავდივარ და ბახილებით არ მივდივარ - ხაბეიშვილი "ოცნებას" პასუხობს
"სტიქიის ზონებში, დიახ, ე.წ. ვალინკებით ჩავდივარ და ბახილებით არ მივდივარ შეურაცხყოფა რომ არ მივაყენო გარდაცვლილ ბავშვებს და ადამიანებს", - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მმართველი გუნდის დეპუტატებს, რომლებმაც ხაბეიშვილი შოვში სტიქიის ზონაში არჩასვლის გამო გააკრიტიკეს.
ხაბეიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია, დაადგინოს სტიქიის გამომწვევი მიზეზი და შეისწავლოს მთავრობის რეაგირება.
რაც შეეხება ტრაგედიის ადგილს, სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაციები რომ არ ყოფილიყო, ამიტომ ავარიდეთ თავი, მათ შორის ჩასვლას. თქვენ ვერ იპოვით სპეკულაციის ვერც ერთ ფაქტს, განცხადებას, რომ აი, „ნაციონალური მოძრაობა” ადგილზეა პოლიტიკური ნიშნით. ეს ჩვენ არ გვაინტერესებდა იმ პირობებში, როდესაც ადამიანები დაიხოცნენ, ბავშვები მოკვდნენ და თქვენ, მეუბნებით, რომ „ფოტო რატომ არ გადავიღე და არ ჩავედი იქ“. სტიქიის ზონაში, იქ, სადაც ვერტმფრენით შეუძლებელი იყო მისვლა, როგორ შეიძლება ოპოზიციონერი ჩავიდეს და თქვას, „აქ რამეს გავაკეთებ“.
პროპაგანდა, რომელიც რუსულ პარტიას აქვს აწყობილი, დგას იმაზე, რომ მათ პასუხი არ მოსთხოვო. თქვენ კმაყოფილი ხართ, ფოტოები რომ გადაიღო ირაკლი კობახიძემ? ღარიბაშვილი რომ ვერტმფრენით ჩავიდა, კმაყოფილი ხართ? ეს არის ხელისუფლება? სამაშველო ვერტმფრენი რომ მოცდა ღარიბაშვილის ჩაფრენით, ეს არის ნორმალური და ადეკვატური? ჩვენი წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში სტიქიის ზონაში იყვნენ დამატებითი სპეკულაციის გამოსარიცხად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.