"პირველად დახმარება გაგვიწიეს ონელმა ბიჭებმა და შემდეგ მოჰყვა სამაშველო და ვერტმფრენი" - რა ინფორმაცია მიაწოდა ჯელაძემ გამოძიებას
„3 აგვისტოს შესახებ იყო ძირითადად საუბარი - რაც თვალით დავინახე და რა ისტორიაც გადახდა ჩემს ოჯახს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს,“ - ასე იხსენებს შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ონის პოლიციის განყოფილებაში გამართულ დაკითხვას.
დავით ჯელაძე ამბობს, რომ გამომძიებლებს ფორმალური კითხვები ჰქონდათ და მოუწია ქრონოლოგიურად გაეხსენებინა სტიქიის დღე.
მხოლოდ და მხოლოდ ისტორია, დაღუპულების შესახებ, ვინ დავინახე და რა ისტორია გადამხდა თავს -ეს კითხვები იყო და ამის მიხედვით ვსაუბრობდით. ის 4 საათი, რაც მეწყერში გავატარეთ და ონელი ბიჭების დახმარება ისე მოვყევი, როგორც მოხდა. პირველად დახმარება გაგვიწიეს ონელმა ბიჭებმა და შემდეგ მოჰყვა სამაშველო და ვერტმფრენი.
რაც ჩემი თვალით დავინახე, ონელმა ბიჭებმა გამოგვიყვანეს და 4 აგვისტოდან მაშველები არ გაჩერებულან, ეძებდნენ ყველას.
ყველას გამოკითხვა სავალდებულოაო და დღეს იყო ჩემი და დაბარებული, შეუძლოთ არის და ალბათ, ხვალ მივალთ.
შუა მეწყერში ვიყავით 15 ადამიანი და ესენი გამოგვიყვანეს მეწყრიდან ონელმა ბიჭებმა, თითქმის გამოსულები ვიყავით მეწყრიდან, ვერტმფრენიც დაჯდა მაგ დროს და შემდეგ მაშველებიც მოვიდნენ.
მეწყერი ისე სწრაფად მოდიოდა, რომ ვინც გადარჩა - გადარჩა, ვინც არა და დაიღუპა ეგრევე. ვინც გამოაღწია, თავის ბრძოლით გამოვიდა.
არ ვიცი, იყო თუ არა ისეთი ადამიანი, ვინც მეწყერში იყო დიდი ხნის განმავლობაში ჩაფლული და ვერ ამოდიოდა და მაშველმა ამოიყვანა, არ ვიცი,“ - ამბობს ჯელაძე.