"საქართველოსთვის მოწვევა არ გაუგზავნიათ" - იოზვიაკი ათენში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე
რატომ არ მიიწვიეს საქართველო არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოებაზე მსჯელობდნენ - "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი "პირველებს" ეუბნება, რომ ქართულ მხარეს შეხვედრის ოფიციალური მოსაწვევი არ მიუღია.
რიკარდ იოზვიაკის აზრით, ამის მიზეზი საქართველოს მზარდი კავშირებია რუსეთთან.
ჟურნალისტი, რომელსაც ბრიუსელში სანდო კავშირები აქვს, არ მალავს, რომ ევროპელი ლიდერები იმედგაცრუებულები არიან, ფიქრობენ, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამორჩება და მოწინავე პოზიციებს ტრიოში აღარ იკავებს.
ეს ნაბიჯი არის კონკრეტული მესიჯი. აქამდე საბერძნეთის მთავრობა ყოველთვის იწვევდა ბალკანეთის ქვეყნის ლიდერებს, წელს მიიწვიეს უკრაინაც და მოლდოვაც, მაგრამ საქართველოსთვის მოწვევა არ გაუგზავნიათ. საინტერესოა, აქ ხალხს ვეკითხები, რატომ არ მიიწვიეს საქართველო - მეუბნებიან, რომ მიწვევა გაუგზავნეს იმ ქვეყნებს, რომლებიც უფრო დაწინაურებულები არიან ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ამ ყველაფრის მიღმა იკითხება, რომ საქართველო და თურქეთი წევრობის კუთხით რიგში ბოლო ადგილს იკავებენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში მოწინავე პოზიციაზე არ არის. თქვენი ქვეყანა არ ვითარდება იმ ტემპში, როგორც მოლდოვა და უკრაინა. როცა კითხვას ვსვამ, რატომ? მეუბნებიან რომ თბილისს ვკითხო," - ამბობს იოზვიაკი.
ათენში EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას საქართველოდან არავინ ესწრებოდა. შეხვედრა გუშინ გაიმართა, რომელსაც შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.