კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან - რა კითხვები აქვს ევროკავშირს საქართველოსთან
"არსებობს ბევრი კითხვა, რომელიც არ ისმის უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში, მაგრამ ისმის საქართველოსთან მიმართებით," - ეს განცხადება რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა "პირველებთან" გააკეთა.
რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან კავშირების გამო.
ჟურნალისტის ინფორმაციით, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაიწყება.
მიზეზი აქ რამდენიმეა, მაგრამ მთავარი მაინც საქართველოს მთავრობის მზარდი კავშირებია რუსეთთან. არსებობს მრავალნაირი კავშირი, მათ შორის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც შემდეგ აღარ მიიღეს. კიდევ ერთი საკითხია ჩინეთთან შეთანხმება. აქ კითხვას სვამენ - თქვენ ევროკავშირში გაწევრიანებით ხართ დაინტერესებული, თუ თქვენ გსურთ გქონდეთ უფრო მეტ ქვეყანასთან დამოუკიდებელი ურთიერთობები? ანუ არსებობს ბევრი კითხვა, რომელიც არ ისმის უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში, მაგრამ ისმის საქართველოსთან მიმართებით. მოლდოვას და უკრაინას აქვთ მწვანე შუქი და მათთან წევრობაზე მოლაპარაკებები ამავე წელს დაიწყება. კიდევ ერთი საკითხი რაზეც აქ საუბრობენ, არის ის, რომ არსებობს წუხილები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, რომ მოლდოვა და უკრაინა რიგს გადაახტებიან და რომ ისინი დიდი ხანია ელოდებიან მოლაპარაკებებს წევრობაზე. ახლა ევროკავშირში მსჯელობენ, როგორი იქნება ევროკავშირი, როცა ევროგაერთიანების წევრი 35 ქვეყანა იქნება. 35-ს ისინი შემთხვევით არ ამბობენ. ბალკანეთის 6 ქვეყანას უნდა წევრობა, არის კიდევ უკრაინა-მოლდოვა-საქართველო და თურქეთი, ჯამში, 10-ია. რატომ არ საუბრობს ევროკაშირი 37 ქვეყანაზე, ეს არის საკითხავი, რომელია ის ორი ქვეყანა, რომელიც წევრი ვერ გახდება," - ამბობს იოზვიაკი.