აგორებული შავი კამპანიის მიზანია გააჩუმონ პროფესიონალი - "საფარი" თეა გოდოლაძეზე

22.08.23 16:13
აგორებული შავი კამპანიის მიზანია გააჩუმონ პროფესიონალი - "საფარი" თეა გოდოლაძეზე

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის გაშავების კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" ეხმაურება. "საფარში" ამბობენ, რომ ე.წ. შავი კამპანიის მიზანს პროფესიონალი ქალის ღირსების შელახვა და გაჩუმება წარმოადგენს.

თეა გოდოლაძის ინტერესებს ორგანიზაცია “საფარი” უკვე ერთ წელზე მეტია იცავს. ის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.

შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ. აგორებული შავი კამპანიის მიზანია გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე. ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა ვერბალური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან,“ – წერს „საფარი“.

თეა გოდოლაძე ამბობს, მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ მის გაჩუმებას ემსახურება. სეისმოლოგის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მიზეზი კი შოვთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე ღიად საუბარი გახდა.

მსგავსი სიახლეები