"ადამიანი ადამიანობით განისაზღვრება" - "ქართული ოცნება" სეისმოლოგ თეა გოდოლაძის წინააღმდეგ

22.08.23 16:44
"ადამიანი ადამიანობით განისაზღვრება" - "ქართული ოცნება" სეისმოლოგ თეა გოდოლაძის წინააღმდეგ

ხელისუფლება სეისმოლოგ თეა გოდოლაძის წინააღმდეგ - მმართველმა ძალამ თეა გოდოლაძის გაშავების კამპანია დაიწყო.

მმართველი გუნდის დეპუტატები დღეს ვერ მალავდნენ გაღიზიანებას თეა გოდოლაძის მიმართ. მიზეზი კი მის მიერ შოვში განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებული განცხადებებია. 

ფაქტი არის, რომ ვინც ოჯახურ ძალადობაში არის მხილებული, მისდამი სანდოობა საერთოდ არ არსებობს და მეორე მხრივ, შოვის ტრაგედიის ფონზე, რასაც ვხედავდით ამ ადამიანისგან - მიზანმიმართულ შეცდომაში შეცდომაში შეყვანას საზოგადოების, ეს ფაქტობრივად ნამდვილად იყო საზოგადოებაზე ძალადობის ფაქტი,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.

ერთია, იყო დარგის პროფესიონალი, მეორეა, რა ადამიანი ხარ. პირველ რიგში, ადამიანი ადამიანობით განისაზღვრება. ის, რაც გავიგეთ, მძიმეა და შოკისმომგვრელია, რომ ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღე ტელეეთერებში გამოდიოდა, თავის პოზიციებს აფიქსირებდა, ეს ადამიანი მხილებული იქნა იმ დანაშაულში, რომელსაც სახელმწიფომ უმკაცრესი ბრძოლა გამოუცხადა,“ - ამბობს გივი მიქანაძე.

თეა გოდოლაძე ამბობს, მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ მის გაჩუმებას ემსახურება. სეისმოლოგის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მიზეზი კი შოვთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე ღიად საუბარი გახდა.