"შემოვედი, ერთი სიტყვა თქვა და დაიღუპა" - რას ჰყვებიან კასპში მომხდარ ფემიციდზე თვითმხილველები

22.08.23 20:00
"შემოვედი, ერთი სიტყვა თქვა და დაიღუპა" - რას ჰყვებიან კასპში მომხდარ ფემიციდზე თვითმხილველები

 

თავში მძიმედ დაჭრილი 65 წლის ქალი მეზობლებს ხელში ჩააკვდათ. კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც დღეს კასპში მოხდა. ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. 70 წლამდე მამაკაცმა მეუღლეს თავში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.

ხმაურზე სახლში შესულ მეზობლებს 65 წლის ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდათ, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. მძიმედ დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. 

შემოვედი და აქ იყო სისხლი, იქით ჰქონდა ფეხები, აქეთ თავი. რომ მოვედი, რა გააკეთე-თქო ვუთხარი, მაბრაზებდა, მამწარებდა და ასე გავუკეთეო. პოლიცია რომ მოვიდა, რა გააკეთე ეს მეთქი, მოკალი ქალი მეთქი და მიდი, მე მგონი, მოვკალიო. შემოვედი, ერთი სიტყვა თქვა და დაიღუპა - თამაზი, წადი, დამანებე თავიო, ამ ქალმა უთხრა,“ - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

პენსიონერები იყვნენ, არავის აწუხებდნენ, წარმოდგენა არ მაქვს. დეტალები არ ვიცი,“ - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

მკვლელი დაკავებულია. მას არც უცდია გაქცევა და სოფელში მისულ სამართალდამცველებს სახლში დახვდა. ამოღებულია მკვლელობის იარაღიც. ცნობილია, რომ სასტიკ ანგარიშსწორებას წინ ცოლ-ქმარს შორის მწვავე კამათი და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. რის შემდეგაც 70 წლის კაცმა მეუღლე მოკლა. ეს დანაშაული სოფელ ხანდაკში მოხდა, სადაც მთელი დღეა პოლიციაა მობილიზებული.