ყველა მინუს საქართველო - რატომ არ მიიწვიეს ათენში ქართული დელეგაცია
უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები - ანუ ყველა მინუს საქართველო. არაფორმალური შეხვედრა ათენში, რომელმაც ყველა კითხვაზე პასუხი გასცა. რატომ არ მიიწვიეს საქართველო შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მსჯელობდნენ, ამ კითხვაზე პასუხი ბრიუსელიდან მივიღეთ. საქართველო არის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა ევროკავშირის გზაზე და ევროპა იმედგაცრუებულია. მზარდი კავშირები რუსეთთან და შეუსრულებელი პირობები. როგორც ჩანს, ბოლო წვეთი ბრიუსელისთვის ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი აღმოჩნდა.
დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ - ამას უკვე საკუთარ გვერდზე შარლ მიშელი წერს, აქაც საქართველო არსად ფიგურირებს. ევროკავშირის დღის წესრიგიდან გამქრალ ქვეყანას "ქართული ოცნება" მთელი დღეა ცდილობს ახსნა მოუძებნოს, თუმცა უშედეგოდ. ერთადერთი, რაც დღეს თქვეს არის ის, რომ ათენში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციას იხილავდნენ. თუმცა, მაშინ რატომ იყვნენ იქ უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები და რატომ არ იყო საქართველოს ლიდერი - ეს კითხვა კითხვად რჩება.