რამდენი ბინძური კამპანიაც არ უნდა დაგეგმოთ, რიკოთზე აუდიტორების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება - ნაცვლიშვილი
რამდენად უსაფრთხოდ არის შესრულებული სამუშაოები რიკოთზე - პარტია "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებისგან პასუხს ელოდება.
ნაცვლიშვილის თქმით, რამდენი ბინძური კამპანიაც არ უნდა დაგეგმოს ხელისუფლებამ, რიკოთზე აუდიტორების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლები პროპაგანდის მანქანა ვერ გადაიტანს ყურადღებას შინაარსობრივი უსაფრთხოების საკითხებიდან კონკრეტულ ადამიანებზე, რის მცდელობასაც აქვს ადგილი იგივე მამუკა ხაზარაძეზე და თეა გოდოლაძეზე თავდასხმით.
ოპოზიციონერმა ბრიფინგის ბოლოს კდიევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა მეცნიერ თეა გოდოლაძის მისამართით და თქვა, რომ ხელისუფლება ებრძვის ყველას, ვინც ხმამაღლა პირუთვნელად აჟღერებს პროფესიულ პოზიციას.
"ლელო" კვლავ ვაყენებთ დღის წესრიგში, რიკოთზე მიმდინარე მშენებლობის საერთაშორისო აუდიტირების საკითხს. აუცილებელია, რომ საერთაშორისო რეპუტაციის და სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფმა, შეაფასოს რიკოთის უსაფრთხოება, ანუ ჩაატაროს უსაფრთხოების აუდიტი, გარემოსდაცვითი საკითხების აუდიტი და ცხადია, ასევე ფინანსური საკითხების აუდიტირება. 2 კვირაა და მეტიც, ლელომ ეს წინადადება გააჟღერა და მიმართა ხელისუფლებას იმიტომ, რომ რიკოთი არ არის ვინმეს საკუთრება. რიკოთი, ეს არის ის ადგილი, რომლითაც სარგებლობს საქართველოს თითოეული მოქალაქე და ასევე, ეს არის საერთაშორისო ტრანზიტის ნაწილი და მისი უსაფრთხოება არის კრიტიკული მნიშვნელობის საერთაშორისო საკითხი.
ვინაიდან, ამ დრომდე, პასუხგაუცემელია ძალიან ბევრი კითხვა უსაფრთხოებასთან, გარემოსდაცვასთან, მოქალაქეებზე და ირგვლივ მაცხოვრებლებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით და ა.შ. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას და მათგან ველოდებით კონკრეტულ პასუხს. პასუხი არის კი ან არა. მე უკვე ოფიციალური წერილებით მივმართე შესაბამის უწყებებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრს, მათ შორის საგზაო დეპარტამენტს და ასევე ეკონომიკის მინისტრის ვიცე სპიკერს, მათ აქვთ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ 10 დღის ვადაში პოზიცია ჩამოაყალიბონ, პოზიცია არის კი ან არა და არა ზოგადი საუბრები, რამდენი კილომეტრი გაიყვანეს, რამდენი ტონა ცემენტი დახარჯეს და ა.შ.
ჩვენ არ ვსაუბრობთ, პროექტის რა ნაწილი არის შესრულებული, ჩვენ ვსაუბრობთ და ვსვამთ კითხვას, როგორ არის შესრულებული და რამდენად უსაფრთხოდ, ვინაიდან ჩვენ, უკვე ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც უსაფრთხოების გამო, მოუწიათ მათ, დროებით ჩაეკეტათ რიკოთი და შეეზღუდათ მოძრაობა. ეს კითხვები არსად არ გაქრება, რაც არ უნდა შეეცადოს ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პროპაგანდის მანქანა, კონკრეტულ ადამიანებს დაესხას თავს, ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ. ჩვენ ვნახეთ ლელოსთან მიმართებაში, ვნახეთ მამუკა ხაზარაძესთან მიმართებაში, ვნახეთ თეა გოდოლაძესთან მიმართებაში და სია გრძელია.
ვერ გადაიტანს ხელისუფლება და მისი პროპაგანდის მანქანა ყურადღებას შინაარსობრივი უსაფრთხოების საკითხებიდან, კონკრეტულ ადამიანებზე, არ გამოგივათ. კიდევ ერთხელ მინდა "ლელოს" სახელით სოლიდარობა და მხარდაჭერა დავაფიქსირო თეა გოდოლაძის და ყველა პროფესიონალის და დამოუკიდებელი ექსპერტის მიმართ, რომელიც ხმამაღლა პირუთვნელად აჟღერებს პროფესიულ პოზიციას, როგორც შოვთან მიმართებაში, ასევე რიკოთთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ თუ მეორედ, ხელისუფლებას, თუ ის არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და არ მიიღებს ზომებს, რომ რიკოთის უსაფრთხოება საერთაშორისო აუდიტირებას დაექვემდებაროს, გარწმუნებთ და პირობას გაძლევთ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, რამდენი ბინძური კამპანიაც არ უნდა დაგეგმოთ, რამდენი პირადი თავდასხმაც არ უნდა განახორციელოთ ადამიანებზე, თუ პოლიტიკურ ჯგუფებზე, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ საერთო საქმისთვის, საერთო უსაფრთხოებისთვის მოიწვიეთ საერთაშორისო აუდიტი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.