დამნაშავე ხელისუფლებას ყველა კრიტიკოსის ეშინია - "ლელოს" სოლიდარობა თეა გოდოლაძეს
პარტია "ლელო" თეა გოდოლაძეს სოლიდარობას უცხადებს. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური თანამებრძოლები ფიქრობენ, რომ სტაჟიანი მეცნიერი ცილისწამებლური კამპანიის მსხვერპლია, შავი პიარის უკან კი ხელისუფლებასთან ასოცირებული ადამიანები დგანან. "ლელოს" წევრებისთვის მეცნიერის მისამართით დაწყებული ორკესტრირებული შეტევები მხოლოდ ერთის მანიშნებელია, რომ საქართველო რუსეთის მსახური ხელისუფლების რუსული მეთოდებით იმართება.
ოპოზიციური პარტია, ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ შოვის ტრაგედიის საქმე და დასაჯონ დამნაშავეები.
"ლელო საქართველოსთვის" სოლიდარობას უცხადებს ქალბატონ თეა გოდოლაძეს, რომელიც დღეს ხელისუფლებასთან ასოცირებული მხარეების მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლი გახდა.
გოდოლაძის წინააღმდეგ ორკესტრირებული თავდასხმა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დღეს საქართველო იმართება რუსეთის მსახური ხელისუფლების რუსული მეთოდებით. სისტემა მორიგ ჯერზე ილაშქრებს თავისუფალი, კრიტიკული, კომპეტენტური აზრის წინააღმდეგ.
დღეს მანკიერი სისტემის მიზანია კრიტიკოსთა გაჩუმება, შოვის ტრაგედიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა და ქვეყნის უარესად ჩაფვლა ტოტალურ კორუფციასა და მომაკვდინებელ გულგრილობაში, რაც რუსეთის მსახური ხელისუფლების უმთავრესი მახასიათებლებია.
დამნაშავე ხელისუფლებას ეშინია ყველა კრიტიკოსის. სწორედ ამას მიეწერება გასულ დღეებში "ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის, წინააღმდეგ წარმოებული იაფფასიანი დეზინფორმაციული კამპანია. მაგრამ, განურჩევლად დეზინფორმაციული ხრიკებისა, ხელისუფლება ვერსად გაექცევა ვერც შოვის უმძიმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ვერც საზოგადოების კითხვებს რიკოთის საკითხის ირგვლივ.
"ლელო საქართველოსთვის" მოითხოვს შოვის ტრაგედიის დაუყონებლივ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების კანონით დასჯას. გარდა ამისა, მოვითხოვთ გადაუდებლად ჩატარდეს რიკოთის მშენებლობის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი. - წერია "ლელოოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეცნიერი, რომელიც ერთი წლის წინ გენდერული ძალადობის მსხვერპლი გახდა, დღეს იძულებულია ამტკიცოს, რომ თავად არ არის მოძალადე.
ორკესტრირებული კამპანია თეა გოდოლაძის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც შოთაძის უწყებამ მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მეცნიერი ამტკიცებს, რომ დღეს ამ საქმის მის წინააღმდეგ შემოტრიალებას ბინძური მეთოდებით ცდილობენ. პირველი, რაც გააკეთეს ხელისუფლების მიერ მტრად გამოცხადებული მეცნიერის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება დაიწყეს.