გახარია ივანიშვილის პროექტია - ოპოზიცია

01.06.21 13:24
გახარია ივანიშვილის პროექტია - ოპოზიცია

გიორგი გახარიას პრესკონფერენციის შემდეგ ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა პრემიერმა და „ქართულმა ოცნებამ“ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გიორგი გახარია მმართველ პარტიას არაფერში ემიჯნება. 

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ  პარტია „საქართველოსთვის“ წარუმატებელი პროექტია. 

კომიკურია საუბარი იმაზე, რომ გახარია ოპოზიციისთვის რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენს. ნახეთ, რომ ის არანაირად არ ემიჯნება ყველაფერს იმას, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობასთან არის დაკავშირებული: კორუფცია, მოქალაქეებზე ძალადობა, ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ გახარიას პოლიტიკური პროექტი საკმაოდ წარუმატებელი იქნება. ივანიშვილის მცდელობა, რომ შექმნას სატელიტური პარტიები „ქართული ოცნებისთვის“ და კოალიციის გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება, დარმწუნებული ვარ, რომ სრული კრახისთვის არის განწირული, - ამბობს სამადაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნა ივანიშვილის პროექტია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს ოპოზიციის შექმნა წლების წინ ჰქონდა დაანონსებული. 

ეს არის მისი მთელი ფუნქცია, რომელიც მას მიანიჭა ივანიშვილმა. ივანიშვილმა მრავალი წლის წინ დააანონსა, რომ ის თავად შექმნიდა ოპოზიციას. ახლა გახარიას სახით შექმნა ეს ოპოზიცია, რომელიც სურს, რომ გამოიყვანოს ავანსცენაზე, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების დროს, იმიტომ, რომ ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ეს ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს განსაკუთრებით ოპოზიციის სწორი მუშაობის შედეგად და აქვს იმის იმედი, რომ შეინარჩუნებს ძალაუფლებას ვადამდელი არჩევნების შემდეგ სწორედ გახარიასთან კოალიციური მთავრობის შექმნის საფუძველზე, - ამბობს ბოკუჩავა.