კალაძე აგრძელებს თბილისის აოხრების კვირეულს, მივმართავთ მერიას და საკრებულოს, გადაიდოს ამ პროექტის განხილვა - ბუაძე
შავი პარასკევი თბილისის საკრებულოში - რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ კახა კალაძემ საკრებულოს დასამტკიცებლად ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტიც გადაუგზავნა.
ერთ საგანგებო სხდომაზე ერთად უნდა დაამტკიცონ აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენები, ცირკის ფერდის ცათამბჯენები და სპორტის უნივერსიტეტის ცათამბჯენები, რაც ოპოზიციის აზრით თბილისის აოხრებას ნიშნავს.
საკრებულოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის თქმით, ეს კი ის პროექტებია, რომლებიც ივანიშვილმა სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებულ პირებზე გაყიდა.
ბუაძის მტკიცებით, აღნიშნული პროექტები კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს დედაქალაქში.
ბუაძე ამბობს იმასაც, რომ კალაძე-ივანიშვილის პროექტები მოქალაქეების კეთილდღეობის და ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუარესების ხარჯზე ხორციელდება.
კალაძე აგრძელებს თბილისის აოხრების კვირეულს და დღეს, სხდომამდე ერთი დღით ადრე შემოიტანეს ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენების პროექტი, რომელიც პირადად ივანიშვილმა გაყიდა და მიყიდა სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებულ ადამიანებს. ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებაც კატასტროფული იქნება ჩვენი ქალაქისთვის, რომელსაც არანაირი თვალსაზრისით არ გააჩნია მიზანშეწონილობა, როგორც სატრანსპორტო თვალსაზრისით, ისე ურბანული თვალსაზრისით და რაც მთავარია უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ორი 50 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა აბრეშუმის ფაბრიკის და ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე იქნება გამანადგურებელი დარტყმა თბილისისათვის, თბილისის ისტორიული იერსახისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძისათვის, რომელიც გმირთა მოედანზე მდებარეობს და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ტერიტორია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაიტბორა. მდინარე ვერეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კალაპოტი არის.
სპეციალისტებმა თქვეს, რომ აბსოლუტურად არანაირი მსგავსი მშენებლობის განხორციელება არ შეიძლებოდა, მაგრამ კალაძემ ამ ყველაფრის მიუხედავად, ივანიშვილის სურვილების დასაკმაყოფილებლად და ერთობლივი დიდი კორუფციული სქემის მოსამსახურებლად გადაწყვიტა, რომ შემოეტანა ეს პროექტი, რომელიც თავის მოცულობით 150 კვადრატულ მეტრს აღემატება. ჩვენ, მივმართავთ თბილისის მერიას და საკრებულოს, გადაიდოს ამ პროექტის განხილვა იქამდე, სანამ სპეციალისტები ჯერ კიდევ მუშაობენ ამ ტერიტორიის შესწავლაზე. ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და ტრანსპორტის სპეციალისტები ახლა მუშაობენ, სწორედ ამ დიდი ტერიტორიის შესწავლაზე და იქამდე, სანამ, ჩვენ არ გვექნება კვლევის სრული სურათი, აუცილებელი არის, რომ გადაიდოს ეს პროექტი, რომელიც ისედაც ძალიან ბევრ პრობლემას შეიცავს და არის ივანიშვილის და კალაძის ერთობლივი კორუფციული მმართველობის კიდევ ერთი სახეხატი ჩვენს ქალაქში, რომელიც ჩვენი კეთილდღეობის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუარესების ხარჯზე ხორციელდება", - ამბობს საბა ბუაძე.