გმირთა მოედანზე ივანიშვილი დებს ორ ბომბს - გოგა ონიანი
თბილისის საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გოგა ონიანის თქმით, ლაგუნა ვერესა და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტით, ბიძინა ივანიშვილი გმირთა მოედანზე დებს ორ ბომბს.
მან მერიასა და საკრებულოს მოუწოდა არ განიხილონ პროექტი იქამდე, ვიდრე სპეციალისტები შესაბამის დასკვნას არ მოამზადებენ.
ონიანის თქმით, გაუგებარი იყო თუ ვინმე იკადრებდა 13 ივნისის შემთხვევის შემდეგ ამ ტერიტორიაზე მსგავსი პროექტის წამოწყებას.
„პირდაპირ მინდა გითხრათ, გმირთა მოედანზე ივანიშვილი დებს ორ ბომბს. დაახლოებით, 2-3 ათასი ბინა იქნება ამ კორპუსებში. წარმოიდგინეთ, რამდენი ავტომობილი დაემატება ამ ტერიტორიას და წარმოიდგინეთ თქვენ, თბილისელებმა, როგორ უნდა იაროთ ამ ტერიტორიაზე, როცა დღესაც კი აბსოლუტურად გადატვირთულია ეს ტერიტორია და დაახლოებით, ნახევარი საათი უნდა ადამიანს, რომ ეს გაიაროს. თუმცა ეს ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს. ეს რუს სანქცირებულ ბიზნესმენს, რა თქმა უნდა, მითუმეტეს, არ აწუხებს - ზუსტად იციან, აქედან რამდენი ასეული მილიონი უნდა შევიდეს მათ ჯიბეში. თბილისელებს და საქართველოს მოსახლეობას თვითონ უწევს თავისი თავის დაცვა, მაგრამ სტიქიასთან, სადაც არ გეხმარება სახელმწიფო და პირიქით, ნაღმებს გიდებს ამ სტიქიურ ზონებში, ძალიან რთულია, ამიტომ ძალიან ხშირად ეს სტიქიური უბედურებები ხდება ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ამას მოჰყვება მსხვერპლი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მერიასაც და საკრებულოსაც, გაიწვიოს თავის მიერ შეთხზული ეს პროექტი და მისცეს საშუალება პროფესიონალებს განიხილონ და დადონ დასკვნები“,- განაცხადა ონიანმა.