საკრებულოში ხმაურიანი შეხვედრისთვის ემზადებიან - ენმ სხდომაზე კალაძის მისვლას ითხოვს

24.08.23 11:55
საკრებულოში ხმაურიანი შეხვედრისთვის ემზადებიან - ენმ სხდომაზე კალაძის მისვლას ითხოვს

თბილისის საკრებულოში ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან. სადაო პროექტები ურბანულ კომისიაზე გააქვთ. დღეს უნდა განიხილონ, არის თუ არა ქალაქისთვის საფრთხის შემცველი პროექტები, რომლებსაც ხვალ დიდი ალბათობით მწვანე შუქს აუნთებენ. არის მოლოდინი რომ "ოცნებას" შენიშვნები არ ექნება, რადგან ყველა პროექტის უკან ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები დგანან.

თუმცა ოპოზიცია სხდომაზე დასწრებას კრიტიკული არგუმენტებით გეგმავს. ლაგუნა, ლისი, დიღომი, ვაკე, საბურთალოო და დიდუბე, "ოცნების" წევრები და მათი ახლობელი ბიზნესმენები ყველგან ითხოვენ სამშენებლო ნებართვას ცათამბჯენების მშენებლობისთვის, ეს კი ექსპერტების შეფასებით, ქალაქს ურბანულ გენოციდამდე მიიყვანს.

ენმ სხდომაზე კახა კალაძის მისვლას ითხოვს. ირაკლი ნადირაძის თქმით, ბევრი კითხვაა, რასაც თავად თბილისის მერმა უნდა გასცეს პასუხი.

კახი კალაძე, რამდენიმე დღეა უბრალოდ იმალება, არ ჩნდება. გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი ეხება დაახლოებით 2 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობას, ქალაქის ურბანულ დამახინჯებას, ჩვენ მოვითხოვთ, რომ თავად ბატონი მერი კახი კალაძე მობრძანდეს და გასცეს პასუხი. ეს არის თბილისელებისთვის სასარგებლო პროექტები, ეს არის ის პროექტი, რომელიც ქალაქს გახდის კიდევ უფრო მწვანეს, კიდევ უფრო კომფორტულს, თუ ეს არის პროექტები, რომელიც თბილისს კიდევ უფრო მეტად დაამახინჯებს და თბილისელებისთვის გახდის აქ ცხოვრებას კიდევ უფრო გაუსაძლისს", - ამბობს ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.

ცნობილია, რომ იმ შემთხვევებში თუ "ქართული ოცნება" ხვალ პროექტებს დაამტკიცებს, ოპოზიციის წარმომადგენლები სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

მანამდე კი, დღეს საკრებულოში ურბანული კომისიის სხდომა 5 საათზე დაიწყება.