"ლაგუნა" ღვარცოფის საფრთხის წინაშე - "ოცნება" საკრებულოში კალაძის მისვლის საფუძველს ვერ ხედავს
ლაგუნა ღვარცოფის საფრთხის წინაშეა, ამ დასკვნამდე ოპოზიცია მას შემდეგ მივიდა, რაც კვლევების მიუხედავად, საკრებულომ გადაწყვიტა სადავო მშენებლობებს მწვანე შუქი აუნთოს.
ოპოზიციის თქმით, ტერიტორიაზე, სადაც 52 სართულიანი ცათამბჯენი უნდა ააშენონ, როგორც გაირკვა, წყალდაცვითი ზონა მოხსნეს, ეს კი სტანდარტებიდან უხეში გადახვევაა და ზრდის ტრაგედიის რისკებსაც.
ფრაქცია "ენმ"-ში ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნაწილში რეგლამენტი აბსოლუტურად დარღვეულია. ლილე ლიპარტელიანი მოითხოვს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პასუხები გასცეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.
ზუსტად ამ ადგილზე დგება შენობა შესაბამისად, ვერ დაიცავდნენ ამ რეგლამენტს და ძალიან მარტივად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოხსნა წყალდაცვითი ზონა მდინარე ვერეს კონკრეტულად იმ მონაკვეთზე. უსაფრთხოების ნაწილში აბსოლუტურად დარღვეული არის რეგლამენტი და ისიც მნიშვნელოვანია, რომ გეოლოგიური კვლევები ამ ტერიტორიაზე ჩაატარა ასოციაცია "ატუ"-მ და შესაბამისად როგორი იქნება ეს კვლევები, ალბათ მიხვდებით. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაგვცეს პასუხები, გენერალურ გეგმაში ცვლილება საკრებულოს გარეშე როგორ შეიტანეს", - ამბობს ფრაქცია "ენმ"-ს წევრი, ლილე ლიპარტელიანი.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თქმით კი, დოკუმენტში, რაც წარმოდგენილია ყველაფერი აქვთ გაწერილი, თუ ვის რა ევალება. რევაზ სოხაძე ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, რომ ფრაზა „ურბანული გენოციდის” ნაცვლად რაიმე ახალი მოიფიქრონ, რადგან ის უკვე გაცვდა.
"დოკუმენტშიც, რომელიც წარმოდგენილია ზუსტად არის გაწერილი ეს კვლევები, რაც ევალება დამკვეთს, რომ შეასრულოს და უკვე "გრგ"-მ შემდგომ ეტაპზე წარმოადგინოს. ითხოვენ მერის მოსვლას, რაც აბსოლუტურად გაუგებარი არის, რატომ უნდა მოვიდეს მერი კონკრეტულ "გრგ"-ებთან დაკავშირებით. ეს არის, სამწუხაროდ, სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით, პოლიტიკური მანიპულაცია. აპელირება იმაზე, რომ ვიღაცა რაღაცაზე თვალს ხუჭავს აბსოლუტურად ტყუილია. ყველა პროექტზე, რომელიც საკრებულოში შემოდის მუდმივად ისმის, რომ ეს არის ურბანული გენოციდი, შესაბამისად მგონია, რომ ეს ფრაზაც უკვე გაცვდა, რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ. რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანი ყველა ჩვენ გადაწყვეტილებაზე ვართ პასუხისმგებელი და ბუნებრივია, რომ ამ გადაწყვეტილებაზე მათ შორის მეც პასუხისმგებლობას ვიღებ", - ამბობს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მოითხოვენ თბილისის მერის კახი კალაძის დაგეგმილ სხდომაზე მისვლას და მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას.
კრიტიკული კითხვებით დღეს საკრებულოს წევრები ოცნების წინააღმდეგ ერთ დარბაზში, ზუსტად 17:00 საათზე აღმოჩნდებიან.