გახარია ივანიშვილის უარყოფით კონტექსტში ხსენებას ერიდება - არასაპარლამენტო ოპოზიცია

01.06.21 15:18
გახარია ივანიშვილის უარყოფით კონტექსტში ხსენებას ერიდება - არასაპარლამენტო ოპოზიცია

გიორგი გახარია დამოუკიდებლად არ მოქმედებს - ასე შეაფასა ოპოზიციამ  ყოფილი პრემიერის ორ საათიანი პრესკონფერენცია. არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება უჭირს, რაც ბადებს ეჭვს, რომ ის ოლიგარქის მორიგი პროექტია.
„ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, გიორგი გახარიას იმ ფრაზის გამო აკრიტიკებს, სადაც ის ამბობს, რომ 20 ივნისს  პოლიციელები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. 

მაგ დონემდე ჯერ ვერ გაიზარდა, რომ ივანიშვილის სახელი ახსენოს... სიზმარშიც ალბათ ვერ ახსენებს. თან პოლიციელებს მუნდირს უნახავენ და ცდილობენ, მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ და გამოდის, მეორე  მხრივ, პოლიციელებს შლეგებად თვლიან. პოლიციელი ბრძანების გარეშე არაფერს აკეთებს. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ ქვეყანაში ნორმალურად მუშაობდა და ვერტიკალურ დაქვემდებარებაში იმყოფება, ეს არის პოლიციელები. აქედან გამომდინარე, ისინი ბრძანების გარეშე არასდროს არაფერს აკეთებენ, - ამბობს „ტრიბუნას“ ლიდერი. 

ამავე აზრს იზიარებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია და ამბობს, რომ გიორგი გახარიას ნდობა არ შეიძლება. 

ვისაც ქვეყანაში ივანიშვილის დამარცხება და ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა სურს, იმათგან ნდობა ამ ადამიანის, გახარიასი, არ შეიძლება. ადამიანი ივანიშვილზე ვერ, ან არ ბედავს, რომ მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. 20 ივნისზე იგივე უტიფარ პროპაგანდისტულ ხაზს აწვება. აღიარებს ამ დროს, რომ მინისტრის მოხსნაც არ შეეძლო კრიტიკულ ვითარებაში. კოვიდის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხები ამ ადამიანის პიარზე დაიხარჯა და ამას შეეწირა ჩვენი ეკონომიკა და ჯანდაცვა,  - ამბობს გიგა ბოკერია.
 

მსგავსი სიახლეები