"კალაძემ დაკვეთა მიიღო ივანიშვილისგან, კატასტროფული გადაწყვეტილებების მიღებაა დაგეგმილი" - ურბანული კომისიის სხდომა იწყება
ყურადღების ცენტრშია თბილისის საკრებულო. ურბანული კომისიის სხდომა ამ წუთებში იწყება. დეპუტატები სადაო პროექტების განხილვას გეგმავენ.
"ლელო"-ს წევრის საბა ბუაძის თქმით, სხდომაზე კატასტროფული გადაწყვეტილებების მიღებაა დაგეგმილი, რომლის დაკვეთაც კახა კალაძემ ივანიშვილისგან მიიღო.
კალაძემ თავის მხრივ დაკვეთა მიიღო ივანიშვილისგან და ქართული ოცნების ამ კორუმპირებული ინფრასტრუქტურიდან, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც თავად არის. დღეს დაგეგმილი არის, რომ ქალაქის ინტერესების საზიანოდ მიიღონ კატასტროფული უპრეცედენტო მასშტაბის გადაწყვეტილებები, რომლის ფასსაც თითოეული თბილისელი გადაიხდის მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. ის პროექტები, რომელიც შემოსული არის, არ არის უსაფრთხო, არის ურბანულად მიზანშეუწონელი, სატრანსპორტო კუთხით აქვს ძალიან ბევრი პრობლემა", - ამბობს "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე.
ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენები სამშენებლო ნებართვებს ელოდებიან. დაასაჩუქრებენ თუ არა მათ ერთგულების და შეწირული თანხის სანაცვლოდ?! დიდი ალბათობით დღევანდელი შეკრება ხმაურის ფონზე ჩაივლის.
მშენებლობის ნებართვა ირაკლი ღარიბაშვილის ნათლულის მამისთვის. თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას ნოშრევან ნამორაძე გეგმავს.
ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. დიდი ალბათობით ამ პროექტს მწვანე შუქს პარასკევს საკრებულო აუნთებს, თუმცა როგორც ირკვევა, ნამორაძე აქ არ ჩერდება. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.