არა ურბანულ გენოციდს! - სამოქალაქო აქტივისტმა საკრებულოს სხდომაზე პლაკატი მიიტანა
არა ურბანულ გენოციდს! - სამოქალაქო აქტივისტმა საკრებულოს სხდომაზე პლაკატი მიიტანა. სხდომაზე იმ სადაო პროექტებზე და მშენებლობების ნებართვების გაცემაზე მსჯელობენ, რომლებიც ექსპერტული წრეების შეფასებით ქალაქისთვის ურბანული გენოციდის ტოლფასია.
აქ არ აპირებთ ცხოვრებას? ყველა გაიქცევით? - მიმართა სამოქალაქო აქტივისტმა "ოცნების" დეპუტატებს.
ყურადღების ცენტრშია თბილისის საკრებულო. ურბანული კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დეპუტატები სადაო პროექტების განხილვას გეგმავენ.
ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენები სამშენებლო ნებართვებს ელოდებიან. დაასაჩუქრებენ თუ არა მათ ერთგულების და შეწირული თანხის სანაცვლოდ?! დიდი ალბათობით დღევანდელი შეკრება ხმაურის ფონზე ჩაივლის.
მშენებლობის ნებართვა ირაკლი ღარიბაშვილის ნათლულის მამისთვის. თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას ნოშრევან ნამორაძე გეგმავს.
ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. დიდი ალბათობით ამ პროექტს მწვანე შუქს პარასკევს საკრებულო აუნთებს, თუმცა როგორც ირკვევა, ნამორაძე აქ არ ჩერდება. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.