სად დაბანდდება საპენსიო დანაზოგი სექტემბრიდან - არსებობს თუ არა დანაზოგის დაკარგვის რისკები

25.08.23 13:03
სად დაბანდდება საპენსიო დანაზოგი სექტემბრიდან - არსებობს თუ არა დანაზოგის დაკარგვის რისკები

სად მიაქვს მთავრობას ხალხის საპენსიო დანაზოგი - ადამიანების უდიდესმა ნაწილმა დაგეგმილი ცვლილებები უბრალოდ ვერ გაიგო. მილიონ ოთხასი ათასი მოქალაქიდან მხოლოდ ხუთი ათასმა ადამიანმა მისცა საპენსიო სააგენტოს მითითება, სად წაიღონ მათი ფული. ნიშნავს თუ არა ასეთი დაბალი მაჩვენებელი სისტემის სრულ კრახს - საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, გოგა მელიქიძე ამბობს, რომ დანაზოგებს სხვადასხვა რისკის პროფილში გადანაწილების შემდეგ დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ.

მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირება არცერთ შემთხვევაში არ მოხდება რისკიან პროექტებში, არამც და არამც. გამოვიტანეთ ის პოტენციური სტრატეგიული პორტფელი, რასაც ნიშნავს მზარდი პორტფელი ანუ მაღალრისკიანი პორტფელი, რომ ინვესტირება მოხდება გლობალურ აქციებში და ქართველი საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიცაა ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი - ამ კომპანიების აქციების ფასი ყოველდღე იცვლება ბაზარზე, ეს პორტფელი უფრო მერყევი იქნება, მაგრამ ის, რომ დავუკარგავთ დანაზოგს, ეს ასე არ არის, მცდარი ინფორმაციაა.
ნამდვილად არ ემუქრება დაკარგვა ან ჩავარდნა, პირიქით, ამ პორტფელში მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ მაღალ ზრდას ნახავენ.
ეს არ არის საპენსიო სააგენტოს მოგონილი, ან კიდევ ჩვენი კანონის „ნოუ ჰაუ“, ასე მუშაობს მსოფლიოში ნებისმიერი საპენსიო ფონდი. პასუხისმგებლობის ნაწილში არაფერი არ იცვლება, არცერთი პასუხისმგებლობა არ გადადის მონაწილეზე, როგორც აქამდე ჩვენ ვმართავდით ამ თანხას და ვიყავით პასუხისმგებელი კანონით, ეს იგივე რჩება, მონაწილეს მიეცა მეტი არჩევანის უფლება,“ - ამბობს გოგა მელიქიძემ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა განმარტავს, რომ რატომ აზღვევენ მაგალითად, საპენსიო ასაკთან ახლოს მყოფი პირების დანაზოგებს ნაკლებრისკიანში.

არანაირად იმის რისკი არ დგას, რომ 6 პროცენტი ვერ აიღოს. რისკი არის, რომ რამდენად აჯობებს საპენსიო აქტივების ზრდა ეკონომიკის ზრდას. რისკიანობა არის ის, რომ დავიცვათ ადამიანი, რომელიც უახლოვდება საპენსიო ასაკს, რომ საპენსიო ასაკის გასვლის დროს არ მოხდეს მისი აქტივების ღირებულების შემცირება,“ - ამბობს ნიკოლოზ გაგუა.

საპენსიო ფონდში დაგროვებულ თქვენს ფულს სახელმწიფო სამი მიმართულებით განკარგავს - არსებობს სამი საინვესტიციო პორტფელი. ნაკლებრისკიანი - ფულის დაკარგვის ალბათობა მცირეა და შედარებით მცირეა მოგებაც; საშუალორისკიანი - ფულის დაკარგვის ალბათობა იზრდება, მაგრამ იზრდება შემოსავალიც და მაღალრისკიანი, რომელიც გულისხმობს, რომ თქვენი საპენსიო თანხების დაკარგვის რისკი იზრდება, მაგრამ მაქსიმალურად მაღალია მოგებაც, წარმატებული ინვესტირების შემთხვევაში.