რატომ ისმის მესტიაში აფეთქებების ხმა - მერია განცხადებას ავრცელებს
რატომ ისმის მესტიაში აფეთქებების ხმა - მესტიის მერია განცხადებას ავრცელებს. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მუნიციპალიტეტში 45.0 მგვტ სიმძლავრის მულხურა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, ადგილზე დაზვერვითი ბურღვა-აფეთქებების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო მასალის შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე წერდა, რომ ერთი კვირაა, რაც აფეთქებების ხმა ისმის და არ აქვთ ინფორმაცია, რა ხდება ადგილზე.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა 20-21 ივლისს დაბა მესტიაში ლენჯერსა და ლატალში. აქედან გამომდინარე მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ინფორმირებული აღნიშნული ჰესის მშენებლობის შესახებ.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსდა მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (იხ. ლინკი - bit.ly/3EgVcQc) და ოფიციალურ ვებ. საიტზე (იხ. ლინკი - http://mestia.gov.ge/ge/node/1841/). სკოპინგის ანგარიში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე განთავსებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/6061). ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. (იხ. ბმული - http://ei.gov.ge/ ).
ჩვენი მოწოდებაა ადგილობრივი მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს საჯარო განხილვების პროცესში," - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.