კალაძე, როგორც კი მთავრობაში აღარ იქნება, გადაცხოვრდება მილანში, ვრჩებით ურბანულ ჯოჯოხეთში - ნადირაძე
„კალაძე, როგორც კი ხელისუფლებაში აღარ იქნება, აიღებს თბილისი-მილანის ბილეთს და გადაცხოვრდება მილანში საცხოვრებლად,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ „დღის ამბებში“ გააკეთა.
ნადირაძემ რამდენიმე წუთის წინ საკრებულოს სხდომა, სადაც სადავო მშენებლობებზე მსჯელობენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.
ნადირაძე ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტიის წევრები იმ საფრთხეებზე არ ფიქრობენ, რასაც ახალი პროექტები შეიცავს.
კახი კალაძეს არაფერი არ ენაღვლება, კახი კალაძე, როგორც კი ხელისუფლებაში აღარ იქნება, აიღებს თბილისი-მილანის ბილეთს და გადაცხოვრდება მილანში საცხოვრებლად. აქ უნდა დავრჩეთ ჩვენ, თქვენი შვილები, ვისაც მოგვიწევს ამ ურბანულ ჯოჯოხეთში ცხოვრება. ფაქტია, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლებრივი მიმართულებით, იმიტომ, რომ არაერთი პროექტი გავუჩერეთ ამ მიმართულებით, მთავარია საზოგადოება გავერთიანდეთ, რათა ეს მავნებლები, მაფიოზები, კორუმპირებულები აღარ დარჩნენ მთავრობაში, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში მოვიდეს ისეთი მთავრობა, ისეთი კოალიცია, სუფთა ხალხი, ახალი ხალხი, ვინც აღარ დაუშვებს ასეთ მავნებლობას ამ ქალაქში,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
როგორც ნადირაძე ამბობს, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მშენებლობის ბიზნესით მოგების ნახვით არიან დაინტერესებული.
ეს არის უბრალოდ ღორობა, რასაც აკეთებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. როცა შეიძლება ქალაქის იერსახე გალამაზდეს, შეიძლება ბევრი სკვერი და ბევრი პარკიც იყოს, ნორმალური განაშენიანებაც იყოს, ხალხიც დასაქმდეს, ამის ნაცვლად ორიენტირებული ხარ 100 პროცენტის ნაცვლად, ათას პროცენტიანი მოგება როგორ მიიღო, ამას ჰქვია ღორობა. ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა დიდი ხანია,“ - ამბობს ნადირაძე.