ხელისუფლება დუმს ყველა ასეთ შემთხვევაზე - გეგელია მედვედევ-ბჟანია-გაგლოევის შეხვედრაზე
"ეს არის ის მომენტი, როდესაც დაგმობის და შეშფოთების გარდა, საგარეო სამსახურმა აქტიურად უნდა იმოქმედოს," - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მედვედევ-ბჟანია-გაგლოევის შეხვედრას.
გრიგოლ გეგელია თვლის, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო არენაზე უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს.
ეს ხელისუფლება დუმს ყველა ასეთ შემთხვევაზე, დუმს, როცა საქმე ეხება საქართველოს საკითხის წინ წამოწევას და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგიონში არის ამხელა მასშტაბის გეოპოლიტიკური პროცესები დაძრული, უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-უკრაინის ომის სახით, საქართველოს ხელისუფლებას, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ჩვენი ქართული მაგალითი წინ ყოფილიყო წამოწეული საერთაშორისო დებატში.
ეს არის ის მომენტი, როდესაც დაგმობის და შეშფოთების გარდა, საგარეო სამსახურმა აქტიურად უნდა იმოქმედოს მეტი საერთაშორისო ასპარეზზე მეტი მხარდაჭერის მობილიზების მიზნით,“ - ამბობს გეგელია.
აფხაზეთის და ცხინვალის დეფაქტო ლიდერები რუსეთში დაიბარეს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ კრემლი საქართველოს ტერიტორიების მიერთების ოპერაციას იწყებს. მთავარი მომლაპარაკებელი დიმიტრი მედვედევი იყო. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ კონსულტაციები ბჟანიასთან და გაგლოევთან მოსკოვის სიახლოვეს გამართა. წინასწარი განწყობები უკვე ცნობილია. ცხინვალს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა, სოხუმს არა. ბჟანია გაერთიანებაზე საუბარსაც კი ვერ ბედავს.