თუკი პოლიტიკაში ჩართვა სურს, ჯერ ანაფორა უნდა გაიხადოს - პოლიტიკოსები მეუფე იაკობზე

01.06.21 17:40
თუკი პოლიტიკაში ჩართვა სურს, ჯერ ანაფორა უნდა გაიხადოს - პოლიტიკოსები მეუფე იაკობზე

„თუკი სასულიერო პირს პოლიტიკაში ჩართვა სურს, მან ჯერ ანაფორა უნდა გაიხადოს“ - ასე პასუხობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მეუფე იაკობს, რომელიც არჩევნებში ჩაბმასა და მესამე ძალის ხელისუფლებაში მოყვანას აანონსებს. 

ხელისუფლების წარმომადგენლები კი მაღალ იერარქს შეახსენებენ, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და მოსწონს თუ არა ეკლესიას პოლიტიკური მოვლენები, ამ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს.

არ ვიცი, რა გეგმაზე საუბრობს ბატონი იაკობი, მაგრამ რაც იყო საჯაროდ და რაც განაცხადა (გახარიამ) გადადგომის დროს, და მას შემდეგ, ეს იყო და ეს. არასდროს ისე ახლოს არ ყოფილა ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცესთან, როგორც ის ,,ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდშია. 

ის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, ეს არა მეუფემ და არა ჩვენ, ეს საქართველოს საზოგადოებამ გადაწყვიტა"- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა. 

მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, დავით სერგეენკო,  ბოდბელი მიტროპოლიტის სკანდალური ქადაგების შეფასებისგან თავს იკავებს. 

ჩემი პრინციპული პოზიციაა, არ დავიწყო სასულიერო პირის ნათქვამის განხილვა"- უთხრა მან ჟურნალისტებს. 

რაც შეეხება გახარიას "გადაყენების გეგმას", სერგეენკოს თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელობა იყო. 

სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ - ეს განცხადება კი პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, გააკეთა. 

თუ ვინმეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება უნდა, მაშინ გაიხადოს ანაფორა. არავინ უშლის ხელს, არც სჯულის კანონი, არც კონსტიტუცია. ჩაიცვან პიჯაკი და ჩაერთონ აქტიურ პოლიტიკაში"- ამბობს ელისაშვილი.