ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მამუკა ჩხიკვაძე "პირველებთან" პატიმრობის მძიმე დღეებზე საუბრობს
ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე "პირველებთან" პატიმრობის დღეებს იხსენებს. ჩხიკვაძე აცხადებს, რომ დაკავებისას ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.
ჩხიკვაძე ყვება, როგორ ჰკითხეს რუსმა სამხედროებმა მას, ფულის სანაცვლოდ თუ იცავდა სამშობლოს.
დედის ორმოცი უნდა ყოფილიყო ბათუმში, იქ უნდა წამეღო ორმოცისთვის ღვინო, ვიფიქრე მანამდე წინაპრების ახლობლებს მოვინახულებ, საფლავზე გავირბენ-მეთქი, ავედი ზემო ნიქოზში, მეცვა ბათინკები და სამხედრო იერი მქონდა, ასე რომ დამინახეს, გადმოვიდნენ რუსი სამხედროები, ახლოს იყავიო ღობესთანო, ჩხრეკვები დამიწყეს, ოთხნი იყვნენ, ჩამიყვეს ხელი ჯიბეში, ნარკოტიკებზე დამიწყეს, მეთქი არ მქონია - თქო. ფიზიკური შეურაცხყოფა ნამდვილად არ ყოფილა. თვალები ამიხვიეს და წამიყვანეს. ვინ ხარო მკითხეს, არ დამიმალავს, მეთქი ჯარისკაცი ვარ, სამშობლოს ვიცავ. ეხლა მე ჯიბეში ფულიც მქონდა, ორმოცი რომ იყო მქონდა. რომ ვუთხარი ჯარისკაცი ვარ, სამშობლოს ვიცავ და ფულიც მქონდა, ფულზე იცავო, მკითხეს. მეთქი, ღმერთმა დამიფაროს, რა ფულზე". - ამბობს მამუკა ჩხიკვაძე.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალი არიან.
მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. დაკავებიდნა ორ დღეში ყოფილი სამხედროს მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს.
2022 წლის აგვისტოში ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
რაც შეეხება კახაბერ ნათაძეს, ის 2021 წლის 10 დეკემბერს ვლადიმერ კანიაშვილთან ერთად ღდულეთის შემოგარენში, ახალგორის რაიონში დააკავეს. კანიაშვილი 2022 წლის 19 აპრილს გაათავისუფლეს.
უკანონო პატიმრობაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე რჩება, მათ შორის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე 2022 წლის მარტში დაკავებული ლევან მაჩაბელიც.