კარასინი და მარია ლვოვა-ბელოვა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. აღიარების მე-15 წლისთავზე იმყოფებიან - მედია
რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავს აღნიშნავენ. ცხინვალში აცხადებენ, რომ, შაბათს, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 20-ზე მეტი ოფიციალური დელეგაცია უკვე ჩავიდა. ჩამონათვალში დასახელებულია რუსეთის დუმა.
ცხინვალის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი. მას ახლავს რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) დაპატიმრების ორდერი გასცა.
25 აგვისტოს რუსეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს, შეხვდა.