ხმებით მანიპულაცია საკრებულოში - სამართლებრივი დავის დაწყებას გახარიას და დოლიძის გუნდიც უერთდება

26.08.23 13:24
ხმებით მანიპულაცია საკრებულოში - სამართლებრივი დავის დაწყებას გახარიას და დოლიძის გუნდიც უერთდება

„კადრები, რომელიც დედაქალაქს გადაარჩენს" - ასე აფასებს საკრებულოს ოპოზიცია ტვ პირველის მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო მასალას, სადაც ჩანს რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები თბილისელების დაწუნებულ პროექტებს, ცათამბრჯენების მშენებლობას, ერთმანეთის მაგივრად უჭერენ მხარს.

ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს, უერთდებიან გიორგი გახარიას და ანა დოლიძის გუნდის წევრებიც. ხმის პროცედურის გაყალბებაში მხილებული "ოცნების" დეპუტატები კი დღეს საჯაროდ არსად გამოჩენილან და არც განმარტებები გაუკეთებიათ.

ამ ყველაფერს, რაც კადრებში ვნახეთ, აქვს ორი მხარე - ერთი არის მორალური, რადგან როდესაც მთელი თბილისი ფაქტობრივად ფეხზე დგას და ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილებაა მიღებული, ვხედავთ, რომ იმის დროსაც კი არ ნახულობენ მმართველი გუნდის დეპუტატები, რომ იმ წუთში დარბაზში იმყოფებოდეს და საკუთარი გადაწყვეტილება თავად, პირადად დააფიქსიროს. ბუნებრივია, ეს მორალურად აჩენს სახეს მთლიანად იმ დეპუტატების, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ უმრავლესობას წარმოადგენენ. 

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, აქ გასაგებია არსებობს რეგლამენტი, არსებობს კანონმდებლობა და მოგეხსენებათ, რომ გახარიას გუნდს აქვს მიმართვა პროკურატურისადმი, რომ სწორედ ამ გახმაურებული პროექტების გამოძიება დაიწყოს, რადგან ეს პროექტები, ჩვენი აზრით შეიცავს ძალიან სერიოზულ რისკებს და კითხვებს და ეჭვებს აჩენს  პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით". - ამბობს პარტია "საქართცველოსთის" წევრი გიორგი შარაშიძე. 

პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" წევრი ნინო წულაძე ამბობს, რომ ივანიშვილი არცერთ "ოცნების" დეპუტატს არ აპატიებდა ხმის არმიცემას და სწორედ ამიტომ მიმართეს ოლიგარქის დეპუტატებმა მსგავს, ნაცად ხერხს.

არ შეიძლება მსგავსად მოქცევა. დეპუტატი, რომელიც იმყოფება დარბაზში, მან უნდა დააჭიროს ღილაკს ხელი და თავისი ნება დააფიქსიროს. თუმცა იმიტომ, რომ ივანიშვილი სათითაოდ დაითვლის "ოცნების" დეპუტატების სახელებს და გვარებს და არც ერთ მათგანს არ აპატიებს მის პირად და ზოგადად, "ოცნების" შემომწირველთა პროექტებზე ხმის არმიცემას, ისინი მიმართავენ მსგავს მეთოდებს. ამ ურბანულ პროექტებთან დაკავშირებით, ოპოზიციის და საზოგადეობრივი პროტესტი უდნა იყოს გრძელვადიანი და ჩვენ უნდა შევეცადოთ, როგორმე, შევაჩეროთ ამ სიმახინჯის მშენებლობა ქალაქში". - ამბობს პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" წევრი ნინო წულაძე.