"ოცნება" რუსეთის მსახური ხელისუფლებაა - გრიგოლ გეგელია მედევედევის კომპლიმენტებზე

27.08.23 11:34
"ოცნება" რუსეთის მსახური ხელისუფლებაა - გრიგოლ გეგელია მედევედევის კომპლიმენტებზე

"ოცნების" მიმართ ვლადიმერ მედვედევის ქება ოპოზიციაში არ უკვირთ. "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ფიქრობს, რომ რუსეთი ახლა ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალა კიდევ ერთი ვადით შეინარჩუნოს. მისი თქმით, "ოცნება" რუსული ხელისუფლების მსახურია. 

ძალიან კარგად ვხედავთ მედვედევის განცხადებაში იმას, თუ რა არის „ქართული ოცნების“ რეალური შინაარსი, „ქართული ოცნება“ არის რუსეთის მსახური ხელისუფლება, რუსეთის ვასალი ხელისუფლება, შესაბამისად, ის რეგულარულად არის შექების საგანი რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან. მას აქებს არა მარტო მედვედევი, არამედ აქებს ლავროვი... პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იცავს საქართველოს პროდასავლურ კურსს არის პირდაპირი თავდასხმის საგანი იმავე ლავროვის მხრიდან, რაც ასევე არის კანონზომიერება, იმიტომ, რომ ბუნებრივია, ლავროვი და მედვედევი თავს ესხმიან ყველა ისეთ პირს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. რუსეთის დადგენილი კურსია, რომ შეინარჩუნოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება როგორც ის ინარჩუნებს სატელიტურ ხელისუფლებებს, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

დიმიტრი მედვედევი "ქართულ ოცნებას" აქებს, სალომე ზურაბიშვილს კი აკრიტიკებს. პუტინის მარიონეტი საქართველოს ხელისუფლებას პრაგმატული პოლიტიკის გამო კომპლიმენტს ეუბნება, ხოლო სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ეკონომიკური გავითარების ხელის შეშლაში ადანაშაულებს.