მედვედევის განცხადებებს არჩევნებს ვუკავშირებ - ხატია დეკანოიძე
"მედვედევის განცხადებებს არჩევნებს ვუკავშირებ, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ დარჩეს ძალაუფლებაში", - ეს განცხადება "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან მსგავსი ტიპის განცხადებები გააქტიურდება.
ეს არის კრემლის ამბიცია, რომ უკრაინაში ყოველდღიური მარცხის შემდეგ, მას ჰქონდეს წარმატების ფორმულა, რაც უნდა იყოს უფრო ფართო ექსპანსია რბილი ძალის გამოყენების შედეგად საქართველოსა და მოლდოვაში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა რუსეთი ამას მოლდოვაში და ვხედავთ, როგორ ცდილობს საქართველოში. სამწუხაროა, რომ საქართველოში რბილი ძალის გაფართოებაში რუსეთს საქართველოს ხელისუფლება ეხმარება. ვფიქრობ, მედვედევის, პუტინის, კრემლის მუქარა უკავშირდება იმას, რომ მათი სურვილია უფრო ეფექტური იყოს რბილი ძალა საქართველოში და არის კიდეც, მას შემდეგ რაც ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. მე ამას განსაკუთრებით დავუკავშირებ არჩევნებს, არჩევნებამდე, იცით, რომ ერთი წელი დარჩა. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ ეს ხელისუფლება დარჩეს ძალაუფლებაში, რაც არის პრაქტიკულად შეუძლებელი. დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ როგორც ჩვენი ხელისუფლება, ისე კრემლი გამოიყენებს ექსპანსიის ბევრ ასეთ მუქარას,“ - განაცხადა დეკანოიძემ.