რა მუხლებით დაიწყო შოვის სტიქიაზე გამოძიება - პროკურატურის პასუხი ანა ნაცვლიშვილს
რა მუხლებით დაიწყო შოვის სტიქიაზე გამოძიება - პროკურატურა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს პასუხობს. სადეპუტატო კითხვაზე პასუხად პროკურატურისგან ვიგებთ, რომ რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწაროებს.
დოკუმენტის თანახმად, გამოძიება იკვლევს, იკვეთება თუ არა სამოხელეო დანაშაული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
გარდა ამისა, გამოძიება იკვლევს კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის ზონაში არსებული ინფრასტრუქტურის კანონიერებას.
2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად ადამიანთა სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის № 059030823001 საქმეზე, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო, ასევე, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების საგამოძიებო დანაყოფები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიება სწავლობს სტიქიის გამომწვევ მიზეზებს და დამდგარ შედეგს, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებულს ღონისძიებებს, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის ზონაში არსებული ინფრასტრუქტურის კანონიერებას და გამოძიებისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს. მიმდინარე გამოძიების პროცესში სამოხელეო ან სხვა რომელიმე დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.
გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. საქმეზე ჩატარებულია 300-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დაკითხულია ათეულობით მოწმე, დანიშნულია 40-ზე მეტი ექსპერტიზა, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიების პროცესში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხება საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა მოწმე, შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი იქნება ინფორმაცია და ყველა სათანადო დოკუმენტაცია, ასევე დაინიშნება ყველა საჭირო ექსპერტიზა,"- ნათქვამია პროკურატურის მიერ გაგზავნილ წერილში.