ორმაგი სტანდარტია - ერთი ხელით ემსახურებოდე რუსეთს, მეორე ხელით, ისვენებდე დასავლეთში - გეგელია
"ქართველი ხალხისთვის მათ ემეტებათ რუსეთი, რუსული ჭაობი, ხოლო საკუთარი თავისთვის, თავის შვილებისთვის სურთ არაფერი ნაკლები, ვიდრე ის არის, რასაც სთავაზობს აშშ და დასავლეთი," - ასე აფასებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკულ შვებულებას.
ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, მაშინ, როდესაც მმართველი ძალის ლიდერები, პრემიერის ჩათვლით საზოგადოების თვალში დასავლელ პარტნიორებს დისკრედიტაციის მიზნით აკრიტიკებენ და თავს ესხმიან, პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას კი ცდილობენ, ამ დროს თვითონ სწორედ ევროპასა და ამერიკაში მიდიან დასასვენებლად. გეგელიას შეფასებით, სწორედ ეს არის "ქართული ოცნების" ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითი.
ქართველი ხალხისთვის მათ ემეტებათ რუსეთი, რუსული ჭაობი, რუსული სტანდარტი მმართველობაში და საზოგადოებრივ მოწყობაში, ხოლო საკუთარი თავისთვის, თავის შვილებისთვის, თავის მეუღლეებისთვის, მათ, რა თქმა უნდა, სურთ არაფერი ნაკლები, ვიდრე ის არის, რასაც სთავაზობს აშშ და დასავლეთი.
ეს არის ორმაგი სტანდარტის სამარცხვინო გამოხატულება - ერთი ხელით ემსახურებოდე რუსეთს, აკეთებდე ყველაფერს, რომ ქართული გზა დაუკავშირდეს რუსულ გზას და მოწყდეს საერთაშორისო თანამეგობრობის გზას და მეორე ხელით, რა თქმა უნდა, ისვენებდე, ცხოვრობდე, შვილებს ასწავლიდე და საშოპინგოდ დადიოდე დასავლეთში - ეს არის „ქართული ოცნების“ ორმაგი სტანდარტი და სამარცხვინო სახე,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.