თავისთვის უნდათ ამერიკა და ევროპა, მაგრამ ჩვენი ხალხისთვის უნდათ რუსეთი - ნადირაძე
"ქართულ ოცნებას" ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ ოპოზიციაში. პრემიერის ამერიკული არდადეგების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ეს აჩვენებს მმართველი პარტიის ორმაგ სტანდარტს.
ნადირაძისთვის ორმაგი სტანდარტი სახეზეა იმ ფონზე, როცა პრემიერი მის გუნდთან ერთად პარტნიორებს აკრიტიკებს და ანტიდასავლურ პროპაგანდას აწარმოებს, პარალელურად, მათი ოჯახებისთვის პრიორიტეტული დასავლურ ქვეყნებში მიღებული განათლებაა.
ვხედავთ ასევე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების განცხადებებს, მათ შორის, პრემიერმინისტრის განცხადებას, როგორ ლანძღავენ ჩვენს ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებს, როგორ ლანძღავენ განათლებას, რომ თითქოს იქ მიდის პროპაგანდა უმცირესობების, თუმცა თავის შვილებს აღებინებენ ევროპულ განათლებას, ამერიკულ განათლებას და არ ერიდებიან, რომ ასობით ათასი დოლარი დახარჯონ მათი შვილების ევროპულო განათლების მისაღებად.
ეს არის ორმაგი სტანდარტი - თავისთვის უნდათ ამერიკა და ევროპა, მაგრამ ჩვენი ხალხისთვის უნდათ რუსეთი, რომ რაც შეიძლება გაჭირვებაში, უბედურებაში აცხოვრონ, რომ მუდმივად ეს უბედურები დარჩნენ ხელისუფლებაში,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.