საკონსტიტუციო სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მალხაზ მაჩალიკაშვილის, სამსონ თამარიანის და მერაბ მიქელაძის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
მოსარჩელეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, რადგან თვლიდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, შეწყვეტის ან დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება, რაც პროკურატურის თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს შეიცავდა, ეწინააღმდეგებოდა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებებს.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურტურამ 2020 წლის 25 იანვარს დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის მოტივით გამოძიება შეწყვიტა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მაჩალიკაშვილმა გამოძიების შეწყვეტამდე მიმართა, რადგან მას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს, პროკურორის ეს გადაწყვეტილება კი სასამართლოში არ საჩივრდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სიტყვები - ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულს ინფორმაცია სჭირდება არა მხოლოდ საკუთარი ეჭვების გასაქარწყლებლად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ანდა იმაში დასარწმუნებლად, რომ სახელმწიფო იცავს მის უფლებებს, არამედ - საკუთარი უფლებების ეფექტიანად დასაცავად.
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი და მისი კანონიერების შემოწმება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არსებობს პროკურატურის მხრიდან თვითნებობის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი.