ღარიბაშვილი აშშ-ში არ იმყოფება სუბოტექსის გასაკეთებლად, ისე, როგორც სააკაშვილი - ვოლსკი
"ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ იმყოფება სუბოტექსის გასაკეთებლად, ისე, როგორც თქვენი პრეზიდენტი იმყოფებოდა," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკი ვერ ასახელებს მიზეზს, რატომ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერი ღარიბაშვილი - იმყოფება სამუშაო ვიზიტით თუ შვებულებაშია. პრემიერის დასაცავად გიორგი ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს აკრიტიკებს.
ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ იმყოფება სუბოტექსის გასაკეთებლად, ისე, როგორც თქვენი პრეზიდენტი იმყოფებოდა, არ ასწავლის თავის შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, არ ხარჯავს ამ უშველებელ თანხებს პირადი მიზნების რეალიზაციისთვის. ის ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ. აქედან გამომდინარე, არც მის შვილს არ მიუღია ქულები ისეთი, რომელიც არ დაიმსახურა სწავლების დროს," - ამბობს ვოლსკი.
დეპუტატი ვერ იხსენებს პრემიერის ანტიდასავლურ განცხადებებს და საპასუხოდ კვლავ ოპოზიციას აკრიტიკებს.
ანტიდასავლური რიტორიკით როდის გამოირჩეოდა ირაკლი ღარიბაშვილი ეგ მითხარით, ერთი. რაღაც თემებთან დაკავშირებით თუკი სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, ეს ამერიკელებისთვის გასაკვირი არ არის, ეს ზოგიერთი გობლინი პოლიტიკოსისთვის არის გასაკვირი და თითქოსდა გამოსაყენებელი.
ოპოზიცია იძახის თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით - თუ ცუდია, იქ რატომ არის და შვილი რატომ სწავლობს, ვინ თქვა, რომ ცუდია. ამასთან დაკავშირებით, ის, რომ ცალ ფეხზე უნდა იდგე და მხარი მოხრილი გქონდეს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.