რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ტერიტორიების დაბრუნების შანსი ბუნებრივად გვიჩნდება - რაქვიაშვილი
როცა რუსეთი მარცხდება, ბუნებრივად გვიჩნდება შანსი, რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ, - ამის შესახებ "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ზელენსკის განცხადების შემდეგ საუბრობს. უკრაინის პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, საქართელო და მოლდოვა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს.
ოპოზიციის წევრს მიაჩნია, რომ საქართველომ უკრაინასთან ახლო ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს, რადგან როცა ჯერი გამარჯვებაზე მიდგება, მისი ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დარჩეს.
უკრაინის გამარჯვება ნიშნავს, რომ რუსეთი მარცხდება და როცა რუსეთი მარცხდება, ბუნებრივად გვიჩნდება შანსი, რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ, იმიტომ, რომ რუსეთს არ ექნება რესურსი პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო ასპარეზზე. მეორე საკითხია, რომ იმ მომენტში, როცა უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკება, ასე ვთქვათ, კაპიტულაციაზე იქნება თუ შეთანხმებაზე, იმ დროს ახლოს უნდა ვიყოთ გამარჯვებულ მხარესთან და თუ ჩვენი მთავრობის წყალობით ჩვენ აღმოვჩნდებით დამარცხებულის მხარეს, არ მგონია, რომ ეს შანსი რეალურად გამოვიყენოთ, - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.