რუსული დანაყოფების თავდაცვის ზღუდეებს აძლიერებენ - კადრები საოკუპაციო ხაზიდან
საოკუპაციო ხაზთან რუსული დანაყოფების მობილიზაციაა. საოკუპაციო ძალები თავდაცვის ზღუდეებს აძლიერებენ. სამუშაოები ოკუპირებულ ქართულ სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს. ორჭოსანი, თამარაშენი. ღოღეთი, ახმაჯი, ჯარიაშენი - ეს სოფლებია, სადაც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
დრონით გადაღებულ კადრებში მიმდინარე სამუშაოებია აღბეჭდილი. რუსი სამხედროების მიერ თავდაცვითი ზღუდეების გამაგრების ამსახველი კადრები დავით ქაცარავამ გაასაჯაროვა.
ორჭოსანთან დავაფიქსირეთ თავდაცვითი ზღუდეების გაძლიერება. ორკებს საკმაოდ დიდი ხანია აქვთ აქ საგუშაგო, რომლის მოდერნიზება დაიწყეს. თავდაცვითი ზღუდის მოდერნიზება კეთდება არა მხოლოდ აქ, არამედ თამარაშენშო, ღოღეთში, ჯარიაშენში. რუსეთი არ ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ მონა-მორჩილი „ქართული ოცნება“ ჰყავს ხელისუფლებაში,“ - ამბობს დავით ქაცარავა.
საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა შეშინებულია. მათთვის უცნობია, კონკრეტულად რას უკავშირდება ოკუპირებულ სოფლებში რუსული სამხედრო ძალების გააქტიურება.
მტკივნეულია ჩემთვის რუსების ასე გააქტიურება, ასე მოახლოება, ჩათვალეთ, რომ ავტობანთან დგანან. რა თქმა უნდა, დამთრგუნველია, შემაძრწუნებელია. ოკუპაციას ახდენს მთლიანად საქართველოსი, მეტი რა უნდა იფიქრო, როცა უკვე ავტობანთან დგას რუსი, როცა სანგრები გათხარა. თუ ასე გაგრძელდა და არავინ ხმა არ ამოვიღეთ, ალბათ, რუსეთის გუბერნია გავხდებით - გაჩუმდის მომენტია ხელისუფლებისგან. ნელ-ნელა ვბარდებით რუსეთს და ვკარგავთ სახელმწიფოებრიობას,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
განვიცდით, როცა ვუყურებთ, რომ საკუთარ ეკლესიაში, საკუთარ სასაფლაოებზე ვერ მივდივართ. მერე საღამოთი ელოდება თავის ნახირს, რომ მოვიდეს, რომ არ გადავიდნენ საზღვარზე,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.