ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენ დავრჩებით ევროკავშირის გაფართოების ტალღის მიღმა - სალომე სამადაშვილი

29.08.23 11:31
ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენ დავრჩებით ევროკავშირის გაფართოების ტალღის მიღმა - სალომე სამადაშვილი

"ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენ დავრჩებით ამ გაფართოების ტალღის მიღმა და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა რუსეთის გავლენის სფეროში ," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

დეპუტატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც პირდაპირ დაასახელა ევროკავშირის გაფართოების სავარაუდო თარიღაც 2030 წელი.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" პირობებში საქართველო ამ ისტორიულ შანს ხელიდან გაუშვებს.

პრეზიდენტ მიშელის განცხადება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება უკანასკნელი ტალღა გაფართოების ევროკავშირის და საქართველოს ერთადერთი რეალური შანსი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს არის, რომ მოექცეს გაფართოების ამ ტალღაში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

გაწევრიანებას რაც შეეხება, თამასა არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენ დავრჩებით ამ გაფართოების ტალღის მიღმა და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა რუსეთის გავლენის სფეროში და ევროკავშირისგან ახალი, უხილავი რკინის ფარდით განცალკევებულ სივრცეში,“ - ამბობს სამადაშვილი.

ევროკავშირი 2030 წელს გაფართოვდება. პირველად ცნობილი ხდება დრო, როცა ევროპული ალიანსი ახალი სახელმწიფოების მისაღებად იქნება მზად. შარლ მიშელი ამბობს, რომ მომდევნო შვიდი წელი მტკივნეული და რთული იქნება. ევროპიდან გაჟღერებულ პოზიტიურ გზავნილს "ოცნების" ხელისუფლება, ჯერჯერობით, დუმილით ხვდება.