პროკურატურა, სასამართლო მართულია ივანიშვილის მიერ - რას ფიქრობს ოპოზიცია პულტებით მანიპულაციის საქმეზე

29.08.23 13:26
პროკურატურა, სასამართლო მართულია ივანიშვილის მიერ - რას ფიქრობს ოპოზიცია პულტებით მანიპულაციის საქმეზე

პულტებით მანიპულაცია საკრებულოში - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" პროკურატურა ხმის მიცემის პროცედურის დარღვევას რეალურად არ გამოიძიებს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, კორუფციული საქმეების გამოძიება სხვა ხელისუფლების პირობებში მოხდება და ხალხს თავის კუთვნილ ქონებასა და სამართალს დაუბრუნებს.

სამწუხაროდ პროკურატურა, სასამართლო მართულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, თუმცა ეს არის ის მასალები, რომლებიც არსად არ ქრება ინახება და აუცილებლად მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა ამ კორუფციულ საქმეს გამოიძიებს და თბილისელებს, ხალხს დაუბრუნებს თავის ქონებას და მათთვის იქნება ის სამართალი, რომელიც სჭირდება ამ ქალაქს", - ამბობს "ენმ"-ს წევრი, ირაკლი ნადირაძე.

პულტებით მანიპულაციის საქმეს "ენმ"-ს წევრი ნინო კვიტაიშვილიც გამოეხმაურა, მისი თქმით, პროექტები მაქსიმალურად დიდი ზიანის მომტანია, რომლებმაც შესაძლოა მოქალაქეთა უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. კვიტაიშვილი ამბობს იმასაც, რომ პროექტების უმრავლესობა სატრანსპორტო პოლიტიკიდან ამოვარდნილია.

ეს არის ძალიან მძიმე პროექტები ქალაქისთვის, მისი განვითარებისთვის. სარგებლის კი არა, მაქსიმალურად დიდი ზიანის მომტანი. განსაკუთრებით პროექტები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოებასაც კი შესაძლოა მომავალში უქმნიდეს საფრთხეს და ასეთი არის "ლაგუნა ვერეს" პროექტი. გარდა ამისა, აბსოლუტურად ამოვარდნილია სატრანსპორტო პოლიტიკიდან პროექტების უმრავლესობა", - ამბობს "ენმ"-ს წევრი, ნინო კვიტაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსები ითხოვენ გამოძიებით დადგინდეს, გააყალბეს თუ არა ოცნების დეპუტატებმა ხმები, როცა ცათამბჯენების მშენებლობას მწვანე შუქს უნთებდნენ და კოლეგების ნაცვლად კენჭისყრებში მონაწილეობდნენ. პულტებით მანიპულაცია "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიური კადრებშიც გამოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა.