საკრებულოში კენჭისყრის დროს დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება - "ოცნების" პასუხი ოპოზიციას

29.08.23 13:24
საკრებულოში კენჭისყრის დროს დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება - "ოცნების" პასუხი ოპოზიციას

"საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილობა არ ხდება პროკურატურის მეშვეობით," - ასე პასუხობს  "ქართული ოცნება" ოპოზიციას, რომელიც საკრებულოში ხმაურიანი სხდომის კენჭისყრის შედეგების ბათილობას ითხოვს და პროკურატურას საჩივრით დღეს მიმართა.

"ქართული ოცნების" წევრების მტკიცებით, კენჭისყრის დროს დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. "ქართული ოცნების" დეპუტატის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ოპოზიციური პარტიები მიზანმიმართულად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილობა, არ ხდება პროკურატურის მეშვეობით და ეს აბსოლუტურად სხვა უწყების უფლებამოსილება არის, ეს თუ არ იციან კიდევ უფრო მეტი უბედურებაა იმიტომ, რომ მათ უვიცობასთან გვაქვს საქმე. არანაირი დანაშაულის ნიშნები არსად არ ფიქსირდება ზუსტად იციან ეს, უბრალოდ ერთ დღიანი სალაპარაკო თემა უნდა მისცენ საყდარ თავსაც და ალბათ საზოგადოების რაღაც ნაწილს. ხშირ შემთხვევაში, იგივე ჟურნალისტებთან ურთიერთობის გამო ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, შესაძლებელია 2-3 წუთი უშუალო კენჭისყრის დროს კონკრეტული საკრებულოს წევრი არ ესწრებოდეს კენჭისყრას, თუმცა ამის შესახებ ოქმში აუცილებლად ისახება მისი პოზიცია", - ამბობს საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი, ლევან ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას სამართლებრივი ბრძოლა პროკურატურაში უკვე დაწყებული აქვს, ქართულ ოცნებაში კი უკვე დააანონსეს, რომ ხმაურიანი სხდომის შედეგები არ გაბათილდება.