რას აკეთებს "ოცნება" კანდიდატის სტატუსის მისაღებად? - რეკომენდაციების შესასრულებლად 1 თვე რჩება

29.08.23 13:25
რას აკეთებს "ოცნება" კანდიდატის სტატუსის მისაღებად? - რეკომენდაციების შესასრულებლად 1 თვე რჩება

ბრიუსელის პოზიტიურმა გზავნილმა 20-30-ის გაფართოებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გეგმებში არაფერი შეცვალა. პრეზიდენტმა მიშელმა უკვე დაანონსა, რომ მომდევნო 7 წელი თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება ყველასთვის, ვისაც ალიანსში გაწევრიანება უნდა. ამის მიუხედავად, მმართველი გუნდი ამ დრომდე არ ან ვერ ამბობს, რას გააკეთებენ დარჩენილ 1 თვეში, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ევრორეკომენდაციების შესრულების კუთხით მათ ყველაფერი გააკეთეს და ახლა ევროკომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ხელისუფლება ასევე ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და ირწმუნება, რომ ოპონენტები საქართელოს ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობენ.

პერპსექტივაში 2030 წელს გაფართოების  რეალურ შანსს ხედავენ, იმიტომ, რომ როგორც მაკრონი ამბობს, დღეს ამ 27 წელშიც კი არ არის ის სინქრონიზაცია, რომელიც მოითხოვება ამ მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანებისგან. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ვალებულებებზე უარი უნდა ვთქვათ. პირიქით, ასოცირების ხელშეკრულება არსებობს და არსებობს ზედმიწევნით შესრულებული რეკომენდაციები. მარტივ ფორმულირებას სთავაზობს ნიკა გვარამიას თავის მომხრეებს, ლიდერია იგი ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციის, რომ იარონ ერთ გზით, პრიმიტიული ფორმულით: საქართელომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ხალხის აღქმაში კანდიდატის სტატუსის არმიღება უნდა დაუკავშირდეს ხელისუფლებას. ეს არის მისი ფორმულა, - ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას  არ სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს და ამისთვის არც გეგმა აქვს შემუშავებული. 

„ქართული ოცნების“ პირობებში, ბიძინა ივანიშვილის პირობებში ძალიან რთულია გაფართოების ტალღაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ იმის მაგივარად, რომ რეალურად იმუშაოს გაფართოების ტალღაზე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროსკეპტიციზმი გააღვივოს ქვეყანაში, რაც პირველ რიგში, არის რუსული სურვილი და კრემლის სურვილი, - ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ წევრი ხატია დეკანოიძე.